კბილების მხატვრული რესტავრაცია

კბილების მხატვრული რესტავრაცია

მხატვრული რესტავრაცია არის კბილის ესთეტიკის აღსადგენი ღონისძიებების კომპლექსი. რესტავრაცია ტარდება როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი დეფექტების მქონე კბილებზე. ამ დროს შეიძლება საჭირო იყოს:

კბილისა და კბილთა მწკრივის ფორმის გასწორება (მაგალითად, კბილის ნატეხის ან ნახეთქის, დიდი კარიესული ღრუს დაფარვა, კბილის ამოღება, კბილის დავიწროვება ან გაფართოება და ა.შ.);

კბილის მდებარეობის გასწორება კბილთა მწკრივში;

კბილებს შორის ნაპრალის დახურვა;

კბილის ფერის შეცვლა (პიგმენტური ლაქების დაფარვა, კბილის მინანქრის დამუქება).

ადრე ეს პრობლემები გადაიჭრებოდა ან თერაპიული სტომატოლოგიით, ან პროთეზირებით. მაგალითად, თუ კბილი ძალიან დაზიანებულია კარიესით, შეიძლება მისი დაბჟენა. კბილის ფუნქციები აღდგება, მაგრამ ესთეტიკა ხშირად არა. ბჟენი ყოველთვის შესამჩნევია კბილთა მწკრივში – ის გამოირჩევა ფერითა და ფაქტურით ბუნებრივი ქსოვილებისგან. პროთეზი ესთეტიკურად კარგია, მაგრამ ძალიან ძვირია და მაშტაბურ ჩარევას საჭიროებს. მხატვრული რესტავრაცია ასეთ დროს გვთავაზობს ალტერნატიული ვარიანტს –  კბილების ნაკლოვანებათა გამოსწორებას თანამედროვე კომპოზიტური მასალებით. ყოველივე ეს არ საჭიროებს სერიოზული ოპერაციის ჩატარებას, კბილები კი რესტავრაციის შემდეგ ბუნებრივად გამოიყურება.

პროფესიონალი სტომატოლოგ-რესტავრატორის არსენალში არსებული თანამედროვე მასალებით შესაძლებელია კბილის ქსოვილების იმიტაცია კბილის ანატომიური ფორმის გამეორებით.

რესტავრაციის მეთოდები

არსებობს კბილების რესტავრაციის ორი მეთოდი: პირდაპირი და არაპირდაპირი.

კბილების პირდაპირი რესტავრაცია ტარდება უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში. ამ დროს გამოიყენება ბოლო თაობის სინათლით გამყარებადი საბჟენი მასალები (ჰელიოკომპოზიტები, ფოტოკომპოზიტები). მათი საშუალებით სტომატოლოგი რესტავრირებულ კბილის აძლევს ისეთ ფერს, რომ ის სხვებისგან არ გამოირჩევა. უახლესი გამოგონებაა ნანოკომპოზიტური საბჟენი მასალები, რომლებსაც „ქამელეონის ეფექტი” აქვთ. ასეთ მასალებს შეუძლიათ კბილის ქსოვილების ოპტიკური თვისებების ზუსტი იმიტაცია.

კბილების არაპირდაპირი რესტავრაცია 2 ეტაპად ტარდება: 1) კბილების მომზადება, ანაბეჭდის აღება; 2) ლაბორატორიაში ჩანართების, ვინირების, ულითონო გვირგვინების და ა.შ. დამზადება სარესტავრაციო მასალებით; მზა მასალის ფიქსაცია კბილზე.

არაპირდაპირი რესტავრაცია ყველაზე ხარისხიანად ითვლება იმიტომ, რომ ლაბორატორიულ ეტაპზე ტექნიკოსი ზუსტად არჩევს სარესტავრაციო მასალის ფორმას, გამოთვლის როგორ შეერწყმება პაციენტის ბუნებრივ კბილებსა და ქსოვილებს. ის მოქანდაკის მსგავსად ფაქიზად და ზედმიწევნით ამზადებს ხელოვნური მასალისგან კბილის ნაწილს, რომ მაქსიმალურად იყოს ბუნებრივის მსგავსი. მნიშვნელობა აქვს მასალასაც.

მას შემდეგ, რაც ადამიანებმა კბილების ფუნქციების აღდგენის გარდა, ესთეტიკაზეც დაიწყეს ზრუნვა, რესტავრაციის მეთოდები მუდმივად ვითარდება. თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები გამოიყენება დაგეგმვისა და მკურნალობის ეტაპზე, რაც კარგ მხატვრულ შედეგს უზრუნველყოფს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.