კვეთებულის ლოცვა

ლოცვის ძალისა და მადლის შესახებ რჩევა-დარიგებებს გვაძლევს მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე). 

კვეთებულის ლოცვა

კვეთებულის ლოცვა არის ბოროტების დამარცხება და ჭეშმარიტ გზაზე დადგომა.
სახარებაში ნათქვამია, ქრისტესთან მივიდნენ ეშმაკეული ძალები და უსაყვედურეს, თუ რატომ მოვიდა ამქვეყანაზე. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვრის მოსვლით ახლო იყო  მათი აღსასრულის ჟამი. მეორედ მოსვლის დროს ისინი წარსდგებოდნენ უფლის სამსჯავროზე და მიეცემოდნენ ძლიერ სატანჯველს.
მაცხოვარმა დაამარცხა სიბოროტე. მოგვცა ძალა და შეწევნა, რომ ჩვენც სწორი ცხოვრებით გამარჯვება მოვიპოვოთ ეშმაკზე.

როგორ შეიქმნა კვეთებულის ლოცვა

წმინდა მღვდელთმთავრებმა, ბასილი დიდმა, იოანე ოქროპირმა  და სხვებმა შეადგინეს სპეციალური ლოცვა, რომელიც ადამიანს აძლიერებდა ბოროტი სულის ზეწოლის დროს.
ამ ლოცვას ჰქვია „შერისხვა და განდევნა ბოროტ სულთაგან კვეთებულსა ზედა“.

ვის შეუძლია კვეთებულის ლოცვის წაკითხვა?

კვეთებულის ლოცვის წაკითხვა, ძირითადად, ბერების საქმეა.
რუსეთში არის მონასტერი „ზაგორსკი“,  სადაც ბერები კითხულობენ ამ ლოცვებს.
უკრაინაში„პოჩაევის“ ეკლესიებში სრულდება კვეთებულის ლოცვები.
საქართველოში მამა სოკრატე, მამა იობი, მამა რაფაელი, მამა აკაკი კითხულობენ კვეთებულის ლოცვებს.
კვეთებული – ნიშნავს ბოროტი ძალების ადამიანზე კვეთებას.
მათ ზეწოლას სულსა და სხეულზე. კვეთებულის ლოცვას სჭირდება დიდი ძალა და რწმენა, შემართება, ძლიერი ლოცვები. ამიტომაც მოძღვარს უნდა მიეცეს სათანადო კურთხევა პატრიარქის მიერ. კურთხევა შეიძლება მისცეს მღვდელთმთავარმა, ქორეპისკოპოსმა, ეპარქიის მმართველმა…
მოძღვარს შეუძლია, უარი თქვას კვეთებულის ლოცვების წაკითხვაზე, რადგან თუ სულიერად შემზადებული არ არის ძალიან გაუჭირდება ბოროტებასთან ბრძოლა.

რომელ ხატთან უნდა აღევლინოს კვეთებულის ლოცვა?

ლოცვა იკითხება ღვთისმშობლის ხატთან, უფლის ხატთან.

კარგი იქნება, თუ წმ. კიპრიანეს და წმ. იუსტინეს ხატებთან შესრულდება, რადგან ისინი ეშმაკთან მებრძოლი წმინდანები იყვნენ.
კიპრიანე იყო წარმართების მოგვი. ძალზე დაახლოებული იყო ბოროტ ძალებთან და შეეძლო, დაენახა თვით ეშმაკი. ერთ დღეს მასთან მივიდა ერთ-ერთი წარმართი, რომელსაც ქალწული იუსტინეს ცოლად შერთვა სურდა. იუსტინე ჭეშმარიტი სარწმუნოებით ცხოვრობდა და წინააღმდეგი იყო, წარმართზე ექორწინა.
კიპრიანემ ბოროტი ძალები დაუპირისპირა ქალწულს და ცეცხლოვანი ისრებით აღჭურვილი ეშმაკის ლეგიონები გაგზავნა იუსტინეს დასამორჩილებლად. როდესაც დამარცხებული ბოროტი ძალები უკან დაბრუნდნენ, კიპრიანემ ჰკითხა მათ დამარცხების მიზეზი. ეშმაკები ვერ მოერივნენ ჯვარს. კიპრიანემ ირწმუნა ჯვრის დიდი ძალა, თავადაც დუპირისპირდა თავის ბოროტ ლეგიონს და საბოლოოდ განდევნა ისინისაკუთარი სხეულიდან.
კიპრიანე და ქალწული იუსტინე წმინდა მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ.

ვისთვის იკითხება კვეთებულის ლოცვა?

კვეთებულის ლოცვა იკითხება დილით. აუცილებელია ლოცვაზე დასწრების წინ, თუნდაც მხოლოდ იმ დღეს, იყოთ მარხული. უნდა იკითხოთ დილის ლოცვები და ლოცვები ძილად მისვლის წინ. იცხოვროთ ქრისტიანულად.

კვეთება ხდება მხოლოდ მორწმუნეებზე, რომლებსაც განსაცდელს უწყობს ბოროტი. ამ დროს ადამიანი ითრგუნება, აქვს გაზვიადებული უძილობა, გრიპები, ნევროზი (იგივე კვეთებულება), დავრდომილობა. ახასიათებს ისეთი ავადმყოფობა, რომელსაც ექიმებიც ზუსტ დიაგნოზს ვერ უსვამენ.
ლოცვა, სწორი ეკლესიური ცხოვრება და კვეთებულის ლოცვები მორწმუნეს აახლოებს უფალთან. კვეთება არის ეკლესიის ბრძოლა ბოროტებაზე, რომელიც სრულდება ეშმაკის დათრგუნვით.

ავადმყოფები და ბავშვების კვეთება

კვეთებულის ლოცვები ტარდება აუცილებლად ეკლესიაში, ქრისტიანულ რწმენაში მყოფთათვის. როდესაც ადამიანი მძიმედაა ავად ან რაიმე სულიერი ან ხორციელი დაბრკოლებების გამო ვერ ახერხებს კვეთებას დაესწროს, ეკლესიაში შესაძლებელია, მიიტანოთ მისი პერანგი. ტანსაცმლზე კვეთება იგივენაირად მოქმედებს ადამიანზეც.
შესაძლებელია ოჯახიდან ხატის წაღებაც კვეთებულის ლოცვაზე.
არ შეიძლება სურათზე კვეთება.
ბავშვების  კვეთებისას მშობლები უნდა იცავდნენ საეკლესიო ცხოვრების წესებს. შვილებს უნდა წაუკითხონ 90-ე ფსალმუნი და მამაო ჩვენო.
კარგია, თუ აცხებთ შვილებს რომელიმე წმინდანის წმინდა ზეთს, ეს დიდი მადლია.
კვეთებულის ლოცვები არ არის მარტო ავადმყოფის განკურნება, ის ეშმაკის დაძლევაა.

მოძღვარი გირჩევთ

შეინახეთ მარხვები.
ხშირად ეზიარეთ.
ილოცეთ სულის გადასარჩენად.

წყარო: http://rubrica.ge/modzghvari-gvirchevs/kvetebulis-locva—zala-romelic-eshmaks-aprtxobs/

__________________________________________

>>>> მართლმადიდებლური ლოცვები

..