ჯანმრთელობის ლოცვა უნკურნებელი ავადმყოფობების წინააღმდეგ

ჯანმრთელობის ლოცვა უნკურნებელი ავადმყოფობების წინააღმდეგ

რომელ ხატთან აღევლინება ჯანმრთელობის ლოცვა და შეიძლება თუ არა ამ ლოცვის სახლში წაკითხვა. ამის შესახებ რჩევა-დარიგებებს გვაძლევს მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).

ჯანმრთელობის ლოცვა

ლოცვას დიდი ძალა და მადლი აქვს. როდესაც ადამიანი სწორი გზით ცხოვრობს, მას შეუძლია, ყველანაირი ეშმაკიერი და მანკიერი ცდუნებების გადალახვა. ბევრჯერ მომხდარა სასწაული, როდესაც სნეულს ძლიერი რწმენით დაუძლევია ავადმყოფობა.
მეტეხის ტაძარში 4 შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ლეიკემიის უმძიმესი ფორმით დაავადებული ადამიანი ჯანმრთელობის ლოცვის ძალით განკურნებულა. სამედიცინო დასკვნა კი ლეტალურ შედეგს იუწყებოდა. მომხდარა სხვა უამრავი სასწაულიც.
აუცილებელია, სნეული იყოს რწმენაში და მარხული.
ჯანმრთელობის ლოცვის დროს ხდება უფლის მოხმობა. მოიხმობენ ასევე დედა ღვთისმშობელს, წმინდანებს, რათა სნეულზე მოვიდეს მადლი და ილოცონ მასზე, რომ განიკურნოს საშინელი დაავადებისაგან.
სრულდება საგალობელი. საგალობელს მოყვება ტროპარი და კონდაკები, რომლებშიც წმინდანებს მიმართავენ. ეცხება ზეთი და იკითხება სამკურნალო ლოცვა. სნეული ემთხვევა სახარებას და ჯვარს.
ავადმყოფობა შეიძლება იყოს ფიზიკური, როდესაც სამედიცინო დიაგნოზი აქვს დასმული. ასევე, შეიძლება იყოს სულიერი.
რწმენაში ყოფნა და ეკლესია, მოძღვრის ლოცვები და სინანული ყველა მსუბუქი თუ მძიმე ავადმყოფობის მკურნალია.

როგორ შეიქმნა ჯანმრთელობის ლოცვა?

მოწოდებულმა მამებმა და უვერცხლო მკურნალნმა, წმინდა მღვდელმთავარმა ბასილი დიდმა, წმ. კოსმა და დაიანემ შეადგინეს ლოცვები, რომლებიც უფალს მოუხმობდა სნეულის განსაკურნად.
იოანე დამასკელმა შეადგინა გალობა.
ჯანმრთელობის ლოცვის შემქმნელებს ღმერთი უსმენდა, სწორედ უფლის მადლით შედგა ლოცვა.
ლოცვითა და მარხვით უნდა განიდევნოს ბოროტი ნათესავი – ნათქვამია სახარებაში.

რომელ ხატთან აღევლინება ჯანმრთელობის ლოცვა?

ჯანმრთელობის ლოცვა აღევლინება ღვთისმშობლის ხატზე – „ყოველთა დედოფალი“. შეიძლება აღევლინოს სხვა წმინდანების ხატებზე, როგორიცაა:  წმინდა დიდმოწამე წმ. პანტელეიმონი, წმ. კოსმა და დამიანე, წმ. ერმილაოსი…
მეტეხის ტაძარში ლოცვა აღევლინება მკურნალი წმინდა მოწამე აბო თბილელის და წმ. შუშანიკის წინაშე.

ლოცვა ბავშვების და მძიმე ავადმყოფების განსაკურნებლად

როდესაც ბავშვი ავადაა, ამის ძირითადი მიზეზი მშობელია. საჭიროა დაფიქრება, სინანული, ეკლესიური ცხოვრება, აღსარება, ზიარება…
ეკლესიიდან მშობელს მადლი მიაქვს სახლში, რომელიც შვილებზე გადადის.
მშობელმა შვილი პატარა ასაკიდან უნდა მიაჩვიოს ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვას, მარხვას. ხშირად უნდა აზიაროს. ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს მონათლული და ატარებდეს ჯვარს.
მძიმე ავადმყოფებმა, რომლებსაც საშუალება არ აქვთ, მივიდნენ ეკლესიაში, უნდა გაუშვან ოჯახის წევრები. ავადმყოფის სახელი მისმა ნათესავებმა, ოჯახის წევრებმა უნდა მოიხსენიონ. ლოცვა დიდ მანძილზე მოქმედებს და  ძლიერი ძალა აქვს.
ჯანმრთელობის ლოცვა სახლში არ იკითხება.

ლოცვა ჯადოს და ეშმაკის წინააღმდეგ

ეკლესია ცნობს ეშმაკის არსებობას და მის უკეთურ ქმედებებს.
ადამიანზე ჯადო და ეშმაკი ვერ მოახდენენ ზემოქმედებას, თუ ფხიზლად არის და რწმენაშია.
ეკლესია ხალხის კრებულს ნიშნავს, რომლის სათავეშია უფალი იესო ქრისტე. ეშმაკის სხვადასხვა სნეულებებით და ჯადოებით შეპყრობილმა ადამიანებმა ეკლესიაში ხშირი სტუმრობით უნდა მიიღონ უფლის შემწეობა. ღვთის ძალა და მადლი ყველაფრისაგან იხსნით მათ.

მოძღვარი გირჩევთ

გქონდეთ სინანული.
იყავით თავმდაბლები.
იყავით მოწყალეები.

წყარო: http://rubrica.ge/modzghvari-gvirchevs/janmrtelobis-locva-unkurnebeli-avadmyopobebis-winaa-mdeg/

_________________________________

>>>> მართლმადიდებლური ლოცვები

..