მუცლის ტკივილი ორსულობისას

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ორსული ქალის მოვლის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას წარმოადგენს მუცლის ტკივილი ორსულობისას ნორმას თუ პათოლოგიას? 

ორსულობა ქალისთვის საპასუხისმგებლო პერიოდია. ამიტომ, ყველა მომავალი დედა ყურადღებას აქცევს საკუთარ შეგრძნებებს, განსაკუთრებით ტკივილის გაჩენას. ორსულობის დროს მუცლის დისკომფორტი და ტკივილი საკმაოდ ხშირად ჩნდება. ზოგჯერ ეს შეიძლება მიუთითებდეს ისეთ პათოლოგიაზე, როგორიცაა საშვილოსნოს ჰიპერტონუსი და სპონტანური აბორტის განვითარების საფრთხე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საშვილოსნოს გარდა მუცლის ღრუში სხვა მრავალი ორგანოცაა, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ დისკომფორტი. ანუ ტკივილი მუცლის არეში ორსულობისას ყოველთვის არ ნიშნავს სამეანო პრობლემებს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსაფუძვლო შიში, უნდა ვიცოდეთ რატომ ჩნდება უსიამოვნო შეგრძნებები და რა უნდა გავაკეთოთ.



–  რატომ გვხვდება მუცლის ტკივილი ორსულობისას?

ორსულობის დროს მუცლის ტკივილს ბევრი ქალი მიიჩნევს როგორც საფრთხეს ბავშვისათვის. მაგრამ ორსულობისას მუცლის ტკივილი ყოველთვის არაა გამოწვეული მუცლის მოშლის საფრთხით. შეგრძნებები განსხვავებულია და საჭიროა გავარჩიოთ რასთანაა დაკავშირებული. ჯანმრთელ, მომავალ დედას მუცელი ორსულობის დროს ხშირად შეიძლება ტკიოდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების გამო. არასწორ დიეტას შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სპაზმი, რაც იწვევს მოვლითი ხასიათის ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში.

მქაჩავი ტკივილი მიუთითებს საშვილოსნოს ზრდაზე, რაც დაკავშირებულია კუნთებისა და მყესების დაჭიმვაზე: მკვეთრი მოძრაობის დროს, ცემინებისას აღნიშნული დისკომფორტი იგრძნობა საკმაოდ მკვეთრად, მაგრამ ამაში არაფერია სანერვიულო.
ორსულობის მეორე ნახევარში მუცლის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ნაყოფის ინტენსიური მოძრაობით და თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა და უმადობა.
ტკივილი შეიძლება იყოს საშვილოსნოს გარე ორსულობის მიზეზი. ამ შემთხვევაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მაგრდება არა საშვილოსნოში, არამედ ფალოპის მილში. საშვილოსნოს გარე ორსულობა დგინდება შემაწუხებელი სიმპტომების საფუძველზე (ტკივილი, თავბრუსხვევა, სისხლდენა) და ექოსკოპიურად. მზარდი ემბრიონი ჭიმავს და ანგრევს საშვილოსნოს მილს. რის გამოც ჩნდება ძლიერი ტკივილი მუცლის არეში და შინაგანი სისხლდენა. როგორც წესი ეს ხდება ორსულობის 6-8კვირაზე. ქალის გადარჩენა ამ დროს მხოლოდ ოპერაციას შეუძლია.

ორსულობის დროს მუცლის ტკივილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მუცლის მოშლის საფრთხის გამო. ამ შემთხვევაში ტკივილი არის შემაწუხებელი და ხანგრძლივი, რომელიც გადაეცემა წელის არეში. ხშირად თან ერთვის სისხლიანი გამონადენი. ქალი ამ დროს საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, რომელიც მიმართულია ნაყოფის მდგომარეობის შეფასებისა და ორსულობის შენარჩუნებისაკენ. მკურნალობა როგორც წესი სტაციონარულია.

პლაცენტის აშრევება ასევე შეიძლება გახდეს მუცლის ტკივილის მიზეზი ორსულობის დროს. პლაცენტა შეიძლება გამიყოს საშვილოსნოს კედლისაგან დროზე ადრე მუცელზე ტრავმის გამო, ჰიპერტონიის, ფიზიკური აქტივობისა და ძლიერი სტრესის გამო. ამ დროს ხდება სისხლძარღვების გაგლეჯვა, რომლებიც აკავშირებს პლაცენტას, რის გამოც ვითარდება მკვეთრი ტკივილი მუცელში და სისხლდენა. ქალი საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას დაუყოვნებლივი მშობიარობის სახით.

ორსულობის დროს საშვილოსნოს ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებზე, რომლებიც მასთან ახლოსაა. ამის გარდა, ჰორმონალური ცვლილებების ფონზე, მკვეთრად იცვლება მომავალი დედის გემოვნება. აღნიშნული შესაძლოა გახდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მიზეზი, ასევე მუცლის შებერვისა და დისბაქტერიოზის მიზეზი. ეს ყველაფერი იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს მუცლის არეში. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ექიმს შეუძლია დანიშნოს პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ პერისტალტიკას, ამცირებენ გაზების წარმოქმნას, ასევე ექიმს შეუძლია მისცეს რეკომენდაციები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით.

იშვიათად ორსულობის დროს მუცლის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ქირუგიული დაავადებებით. ნებისმიერი ადამიანი არაა დაცული ისეთი პათოლოგიებისაგან, როგორიცაა აპენდიციტი, ქოლეცისტიტი და ა.შ. ამ დროს დახმარება მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას შეუძლია.
ნებისმიერი წარმოქმნილი ტკივილი წარმოადგენს გინეკოლოგთან დაკავშირების მიზეზს. საჭიროებისას ექიმი ჩაატარებს სრულ გამოკვლევას და გადაამისამართებს პაციენტს სტაციონარში.

–  რა თავისებურებებით ხასიათდება ტკივილი მუცლის არეში ორსულობის დროს?

ტკივილი მეტად დამოკიდებულია იმაზე ორსულობის რომელ პერიოდში გვხვდება. პირველ ტრიმესტრში, როდესაც ორსულს აღენიშნება მუცლის ტკივილი, ქალები განიცდიან ხანმოკლე ტკივილს. ამაში საშიში არაფერია, ვინაიდან აღნიშნული გამოწვეულია ორგანიზმის ფიზიოლოგიური ცვლილებებით, ჰორმონალური აქტივობითა და საშვილოსნოს ზრდით.

ორსულობის მეორე ტრიმესტრში ორგანიზმი უკვე თითქმის მზადაა ორსულობისათვის და მიჩვეულია აღნიშნულ ცვლილებებს. ეს პერიოდი ითვლება ორსულობისათვის ყველაზე კომფორტულ პერიოდად, ვინაიდან ნაყოფი ჯერ კიდევ არაა გაზრდილი ისე, რომ იწვევდესზეწოლას გარშემო არსებულ ორგანოებზე. საშვილოსნოს აგრძელებს ზრდას, მასთან ერთად იჭიმება კუნთებიც. ტკივილი მუცლის არეში როგორც წესი დაკავშირებულია საშვილოსნოს ზრდასთან, ამიტომ ქალი არ გრძნობს მკვეთრ ტკივილს.

მესამე ტრიმესტრში მუცლის ტკივილი დაკავშირებულია ნაყოფის ზრდასთან. ბავშვი უკვე იმდენად დიდია, რომ საშვილოსნოს ახდენს მკვეთრ ზეწოლას შინაგან ორგანოებზე, გარკვეულწილად იწვევს დისკომფორტს. ამასთან მუცლის კუნთები არ წყვეტენ დაჭიმვას ბავშვის ზრდიდან გამომდინარე. ყველაფერი ეს შესაძლოა გახდეს მუცლის ქვედა ნაწილში არსებული ტკივილის მიზეზი, ის არ წარმოადგენს საფრთხეს არც დედისთვის და არც ნაყოფისათვის.
ორსულობის დროს ტკივილის ძირითადი მახასიათებლებია მოკლევადიანობა, პერიოდულობისა და ინტენსიურობის არ არსებობა. ასეთი ტკივილების დროს ნერვიულობის მიზეზი არ არის, ისინი სრულიად ნორმალურია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.