ვაგინიზმი

ვაგინიზმი – საშოსა და მენჯის ფსკერის კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა, რაც ეწინააღმდეგება სქესობრივი აქტის ჩატარებას.

ეტიოლოგია

ზოგჯერ ვაგინიზმი შედეგია ძალადობის, მტკივნეული დეფლორაციის, პარტნიორის უხეშად მოქცევისა. ხშირად ვაგინიზმი წარმოიქმნება მამაკაცის გადაუწყვეტი ქცევისა და ქალის ხასიათის გარკვეული ნიშნების დროს – (ეჭვიანობა, ადვილად წყენა, შიშები, ემოციური არამდგრადობა). გარდა ამისა, ავადმყოფთა უმრავლესობას ანამნეზში აღენიშნებათ სხვადასხვა შიშები, რომელიც თანდათანობით ღებულობს აკვიატებულ ხასიათს და შერწყმულია ემოციურ დაძაბულობასთან.

კლინიკური სურათი

პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებათ ფსიქოსექსუალური განვითარების დარღვევა, სქესობრივი როლის მეტ-ნაკლებად გამოხატული ტრანსფორმაციით. ვაგინიზმი ხშირად წარმოიქმნება სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას. კუნთების კრუნჩხვით შეკუმშვას წინ უსწრებს  დეფლორაციის შიში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ის წარმოიქმნება უეცრად,  მოულოდნელად, პაციენტისათვის მტკივნეული დეფლორაციის დროს. რბილი, ტაქტიკური ქმრები არ ესწრაფვიან კოიტუსს.  შედეგში ვაგინიზმი ვლინდება გინეკოლოგიური გამოკვლევების დროს. შესაძლებელია გამოიყოს ვაგინიზმის სამი ხარსხი: 1 – ხარისხი – რეაქცია ვითარდება საშოში სასქესო ასოს ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს; 2 ხარისხი – რეაქცია ვითარდება სასქესო ორგანოების შეხებისას ან მათთან შეხების მოლოდინში; 3 ხარისხი – რეაქცია ვითარდება სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის წარმოდგენითაც კი. ქორწინებისას დეფლორაციის არარასებობას მძიმედ განიცდიან მეუღლეები, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში ეს გავლენა არ ახდენს მათ პირად ურთიერთობებზე და წყვილის სექსუალური ადაპტაცია ხდება პეტინგის დონეზე ან ვესტიბულური კოიტუსით.

მკურნალობა

 ვაგნიზმის მკურნალობა ექიმისაგან მოითხოვს სიმტკიცესა და მოთმინებას. მკურნალობის ძირითადი მეთოდია რაციონალური  ფსიქოთერაპია, ასევე სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც მიმართულია შიშების მოხსნისკენ სქესობრივი აქტის წინ. ცალკეულ შემთხვევებში მკვეთრად გამოხატული ვაგინიზმისა და კოიტოფობიის დროს საქალწულე აპკის შენარჩუნებისას ნაჩვენებია ქირურგიული დეფლორაცია. პროგნოზი ჩვეულებრივ კეთილსაიმედოა, თუმცა იგი მძიმდება, თუკი ვაგინიზმი შერწყმულია ფსიქიკურ დაავადებასთან.


(2) ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვაგინიზმი – (გინეკ.) ვაგინიზმი – საშოს კარიბჭისა და მენჯის ფსკერის კუნთების სპასტიკური რეფლექტორული შეკუმშვა, რაც ხელს უშლის სქესობრივ კავშირს, ან გინეკოლოგიურ გამოკვლევას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სქესობრივი აქტის მცდელობის დროს ვითარდება საშოს კონსტრიქტორის სპაზმი და ბარძაყის მომტანი კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები, რაც ხელს უშლის სასქესო ასოს საშოში შესვლას. დაავადებას გააჩნია ფსიქოგენური ხასიათი, აღენიშნებათ ინფანტილურ და ასთენიურ ქალებს. სპაზმი შესაძლოა განვითარდეს სქესობრივ აქტზე მხოლოდ გაფიქრების დროსაც კი. ვაგინიზმი ასევე განპირობებული შეიძლება იყოს გარეთა სასქესო ორგანოების ანთებით, საშოს შესავლის ლორწოვანი გარსზე ნაჭდევების, ნახეთქებისა და ეგზემატოზური დაზიანებების არსებობით.

დიაგნოსტიკა. დაფუძნებულია გულდასმით შეგროვილ ანამნეზზე. რამეთუ, ამ დროს გვიხდება ავადმყოფის ინტიმურ საკითხებთან შეხება, გამოკითხვა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული ტაქტის დაცვით. გინეკოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რამეთუ სასქესო ორგანოებზე უმნიშვნელო შეხებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული სპაზმი.

მკურნალობა. ავადმყოფი უნდა გაიგზავნოს ექიმ – სექსოლოგთან კონსულტაციაზე.