პერიკარდიტი

პერიკარდიტი

პერიკარდიტი – ტიპები, ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკური სურათი, დიაგნოზი, დიფერენციალური დიაგნოზი >>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე 

პერიკარდიტი – გულის პერანგის მწვავე ან ქრონიკული ანთება. განასხვავებენ ფიბროზულ, სეროზულ – ფიბროზულ, ჰემორაგიულ, ქსანთომატოზურ, ჩირქოვან, ლპობით პერიკარდიტებს. 

პერიკარდიტი – ეტიოლოგია. ინფექცია  (ვირუსები, ბაქტერიები, რიკეტსიები, სოკოები, უმარტივესები), რევმატიზმი, რევმატიული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, მიოკარდის ინფარქტი, ურემია, ტრავმა, მათ შორის ოპერაციული, რადიაცია, სიმსივნეები და ჰემობლასტოზები, პარაზიტული ინვაზიები; ზოგიერთი ფორმის პერიკარდიტის დროს წარმოშობის მიზეზები დადგენილი არ არის (იდიოპათიკური).

პერიკარდიტი – პათოგენეზი. ხშირად ალერგიული ან ავტოიმუნური; ინფექციური პერიკარდიტის დროს ინფექცია შესაძლოა იყოს გამშვები მექანიზმი; არ გამოირიცხება აგრეთვე გულის გარსების პირდაპირი დაზიანება ბაქტერიული ან სხვა აგენტებით.

პერიკარდიტი – კლინიკური სურათი. განისაზღვრება ძირითადი დაავადებით და ექსუდატის ხასიათით, მისი რაოდენობით (მშრალი, ექსუდაციური) და დაგროვების ტემპით. საწყისი სიმპტომებია: სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, მკერდუკანა ან პრეკარდიალური ტკივილები, ხშირად სუნთქვის ფაზებთან დაკავშირებული, ზოგჯერ კი სტენოკარდიის მსგავსი. ხშირად მოისმინება სხვადასხვა ინტენსივობისა და გავრცელების პერიკარდის ხახუნი. ექსუდატის დაგროვებას თან ახლავს პრეკარდიული ტკივილებისა და პერიკარდის ხახუნის გაქრობა, ქოშინი, ციანოზი, კისრის ვენების დაბერვა, გულის საძგერის დასუსტება, გულის მოყრუების საზღვრის გაფართოება, თუმცა ექსუდატის ზომიერი რაოდენობის დროს გულის უკმარისობა ზომიერადაა

 

გამოხატული; მცირდება გულის წუთმოცულობა, გულის ტონები მოყრუებულია, პულსი სუსტი ავსებისა და ხშირია, ხშირად პარადოქსული (ჩასუნთქვის დროს პულსის ავსებისა და დაჭიმულობის დაქვეითება). კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს წინაგულების მიდამოში დეფორმირებადი შეხორცებების გამო ვითარდება მოციმციმე არითმია ან წინაგულების თრთოლვა; დიასტოლის დასაწყისში მოისმინება ხმამაღალი პერიკარდტონი. ექსუდატის სწრაფი დაგროვების დროს შესაძლოა განვითარდეს გულის ტამპონადა, ციანოზით, ტაქიკარდიით, პულსის შესუსტებით, ქოშინის შეტევებით, ზოგჯერ გონების დაკარვით, სწრაფად მზარდი ვენური შეგუბებით. კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს მატულობს სისხლის მიმოქცევის დარღვევა ღვიძლში და კარის ვენის სისტემაში. ვლინდება მაღალი ცენტრალური ვენური წნევა, პორტული ჰიპერტენზია, ასციტი (პიკის ფსევდოციროზი); ვითარდება პერიფერიული შეშუპებები; ორთოპნოე, როგორც წესი, არ არსებობს. ანთებითი პროცესის გავრცელება შუასაყარის ქსოვილებზე და პლევრაზე იწვევს მედიასტინოპერიკარდიტს ან პლევრიტს; ანთების გავრცელებისას ეპიკარდიდან მიოკარდზე (ზედაპირული შრეები) ვითარდება მიოპერიკარდიტი. დაავადების პირველ დღეებში ეკგ – ზე აღინიშნება S” სეგმენტის კონკონდარტული მომატება სტანდარტულ ან გულმკერდის განხრებში, შემდეგში S” სეგმენტი გადაინაცვლებს იზოელექტრული ხაზისაკენ, ” კბილი მსხვილდება ან ინვერსირდება; პერიკარდიტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას აღინიშნება პერიკარდის კალციფიკაცია.

დიაგნოზი: პერიკარდული ექსუდატის გამოვლინების საიმედოა მეთოდია ექოკარდიოგრაფია; დიაგნოსტიკაში იყენებენ აგრეთვე ფლებოგრაფიასა და ფონოკარდიოგარფიას. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მიოკარდის ინფარქტისსაწყის პერიოდთან და მწვავე მიოკარდიტთან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები