ადენოიდები – ხახის (ცხვირ-ხახის) ნუშის პათოლოგიური ზრდა (ჰიპერპლაზია, ჰიპერტროფიით). ხახის ნუში კარგადაა განვითარებული ბავშვებში; დაახლოებით 12 წლის ასაკიდან იგი პატარავდება და მოზრდილებში მთლიანად ატროფირდება.
ადენოიდები ხშირია 3 – 10 წლის ასაკის ბავშვებში, თუმცა შესაძლებელია აღინიშნებოდეს სიცოცხლის პირველ წლებში და სქესობრივი მომწიფების შემდეგაც. ადენოიდების განვითარებას ხელს უწყობს ბავშვთა ინფექციები (წითელა, ქუნთრუშა, დიფთერია), ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და მიკრობულ-ანთებითი დაავადებები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ალერგია; არ გამოირიცხება მემკვიდრეობითი ფაქტორის როლი.
ადენოიდები – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ლორწოვანი სეკრეტის უხვი გამონადენი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება და ანთება. ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო ბავშვები იძინებენ ღია პირით, ხშირად აქვთ მოუსვენარი ძილი, ხმამაღალი ხვრინვით. ადეოიდები ახშობენ ევსტაქის მილის ხვრელს, არღვევენ შუა ყურის ნორმალურ ვენტილაციასა და შესაძლებელია გამოიწვიონ სმენის დაქვეითება. მეტყველება ირღვევა, ხმა კარგავს ჟღერადობას და აქვს დუდღუნა ელფერი. ადრეული ასაკის ბავშვები რთულად ეუფლებიან მეტყველებას. ხშირია ჩივილები თავის მუდმივ ტკივილზე. ცხვირიდან სეროზული სეკრეტის გამოყოფა იწვევს ზედა ტუჩის კანის მაცერაციასა და შეშუპებას, ზოგჯერ ეგზემას. პირი მუდმივად ღიაა, ქვედა ყბა დაშვებულია, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი გადასწორებულია, მოგვიანებით სტადიებში სახის გამომეტყველება იცვლება, პირის კუთხეებიდან გადმოედინება ლორწო, რაც ბავშვის სახეს აძლევს განსაკუთრებულ შესახედაობას, რომელსაც ,,ადენოიდური სახე” ეწოდება. პირით მუდმივი სუნთქვა იწვევს სახის ქალას დეფორმაციას. ასეთ ბავშვებში აღინიშნება არასწორი თანკბილვა, მაღალი ე. წ. გოთური სასა. ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო, გულმკერდი დროთა განმავლობაში დეფორმირდება, ირღვევა ფილტვების ვენტილაცია, ქვეითდება სისხლის ოქსიგენაცია, კლებულობს ერითროციტების რაოდენობა და ჰემოგლობინის შემცველობა. ადენოიდების დროს ირღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება, ვითარდება ანემია, ღამით შარდის შეუკავებლობა, სახის კუნთების ქორეის მსგავსი მოძრაობები, ლარინგოსპაზმი, ასთმური შეტევები, ხველა. ზოგჯერ ვითარდება მწვავე ადეოიდიტი (ხახის ნუშის ანგინა), რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 39 გრადუსამდე და ზევით. ვლინდება სიმშრალის, ჩაფხაჭნისა და წვის შეგრძნება ცხვირ-ხახაში. ავადმყოფებს აღენიშნებათ ტკივილი ყურებში, შეტევითი ხველა; რეგონალური ლიმფური კვანძები გადიდებული და პალპაციით მტკივნეულია. ადრეული ასაკის ბავშვებში ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, დისპეფსია. დაავადება გრძელდება 3-5 დღე; ხშირია მწვავე ადენოიდების გართულება – ევსტაქიიტი. ხშირი რესპირატორული დავადებების შედეგად, მწვავე ადეოიდიტებისა და განსაკუთრებით გამოხატული ალერგიის დროს, წარმოიქმნება ქრონიკული ადენოიდიტი. ამ დროს ბავშვი მოთენთილია, მადა დაქვეითებული აქვს, საკვების მიღების დროს აღებინებს. ცხვირხახიდან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი იწვევს რეფლექტორულ ხველას, განსაკუთრებით ღამით. სხეულის ტემპერატურა ხშირად სუბფებრილურია, რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებულია. ანთებითი პროცესი ცხვირ-ხახიდან სწრაფად ვრცელდება ცხვირის დანამატ წიაღებში, ხახაში, ხორხში, ქვედა სასუნთქ გზებში, რის გამოც ხშირია ბრონქ-ფილტვის დააავდებები.
ადენოიდები – დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება უკანა რინოსკოპია, რენტგენოლოგიური გამოკვლევები. ზომის მიხედვით ადენოიდები იყოფა სამ ხარისხად: I ხარისხი – ადენოიდები მცირე ზომისაა, ფარავენ სახნისის ზედა მესამედს; II ხარისხი – ადენოიდები საშუალო ზომისაა, ფარავენ სახსნისის ორ მესამედს; III ხარისხი – დიდი ზომის ადენოიდები, რომლებიც ფარავენ ან თითქმის ფარავენ სახნისს.
ადენოიდები – მკურნალობა ქირურგიულია. ზოგჯერ ქირურგიული მკურნალობის შემდეგ აღინიშნება რეციდივები, ასეთ დროს ქირურგიულ მკურნალობას ატარებენ მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ფონზე.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.
2. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ადენოიდები, ადენოიდური წანაზარდები – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ცხვირ–ხახის ნუშურა ჯირკლების ჰიპერტროფია. ვითარდება გადატანილი ინფექციების შედეგად (წითელა, ქუნთრუშა, გრიპი, დიფტერია) ან წარმოადგენს მემკვიდრეობით ფაქტორს. ხშირად აღენიშნებათ 3 – 10 წლის ბავშვებს. სიმპტომები. მუდმივად გაჭედილი ცხვირი და მისგან გამონადენი, დუდღუნაობა; პირი დღის განმავლობაშიც მუდამ ღიაა, თუმცა განსაკუთრებით ძილის დროს, რასაც თან სდევს ხვრინვა. სახე ამიმიურია. ხშირად აღინიშნება თავის ტკივილი. ბავშვები ჩამორჩებიან სწავლაში, ფიზიკურად მოისუსტებენ, ზოგჯერ აღინიშნება ღამით შარდის შეუკავებლობა. ცხვირხახის ხშირი, მწვავე ანთებების გარდა, ადენოიდური წანაზარდები, ხურავენ რა სასმენ (ევსტახის) მილებს და იწვევენ რა შუა ყურის ვენტილაციის დარღვევას, განაპირობებენ სმენის დაქვეითებას, იწვევენ განმეორებით, მწვავე შუა ოტიტებს. დიაგნოზის დასმა ხდება უკანა რინოსკოპიის და ცხვირხახის ხელით გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე. მკურნალობა ქირურგიულია.
.