ლარინგიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ლარინგიტი იშვიათადაა იზოლირებული. ხშირად არის მწვავე რესპირატორული დაავადების, გრიპის, ქუნთრუშის, ყივანახველის და ა. შ. გამოვლინება. მის განვითარებას ხელს უწყობს, ზოგადი და ადგილობრივი გაცივება, ხმის გადაძაბვა, მტვრიანი ჰაერის ჩასუნთქვა, თამბაქოს მოწევა, სპირტიანი სასმელების ხშირი გამოყენება.

ლარინგიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება სიმშრალე, ჩაფხაჭნის შეგრძნება ყელში, ხველა თავდაპირველად მშრალია, შემდეგ ახლავს ნახველის გამოყოფა; ხმა ჩახლეჩილია, უხეში ან საერთოდ უხმოა; ზოგჯერ აღინიშნება ყელის ტკივილი ყლაპვისას, თავის ტკივილი და ტემპერატურის მცირედი მომატება. დაავადების ხანგრძლივობა არ აღემატება 7 – 10 დღეს. არახელსაყრელ პირობებში შესაძლებელია გადავიდეს ქვემწვავე ან ქრონიკულ ფორმაში. ლარინგოსკოპიით აღინიშნება ხორხის ლორწოვანო გარსის დიფუზური ჰიპერემია და შეშუპება. მბგერავი ნაოჭები გასქელებული და ჰიპერემიულია, მათზე აღინიშნება წებვადი ნახველი. გრიპის დროს შესაძლებელია განვითარდეს სისხლჩაქცევა ლორწოვან გარსში (ე. წ. ჰემორაგიული ფარინგიტი). თუ პათოლოგიური ცვლილებები აღინიშნება მხოლოდ ხორხის ერთ მხარეზე და ლარინგიტს აქვს გახანგრძლივებული მიმდინარება, აუცილებელია ტუბერკულოზის, სიფილისური დაზიანების, ახალწარმონაქმნის გამორიცხვა.

ლარინგიტი – მკურნალობა. დაავადების გამომწვევის მიზეზების გამორიცხვა. ხორხის სრული სიმშვიდის მიზნით 5-7 დღის განმავლობაში ავადმყოფს ეკრძალება ლაპარაკი. გამოირიცხება თამბაქოს მოწევა, სპირტიანი სასმელების მიღება. აუცილებელია ასევე ცხარე სანელებლების გამორიცხვაც; სასარგებლოა თბილი სასმელები (ბორჯომი, რძე), ყელის გამოვლება გვირილით, თბილი ტუტე ინჰალაციები, სათბური ყელზე, ფეხების ცხელი აბაზანა. გამოიყენება ასევე ფიზიოთერაპიული მეთოდები.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.