კარდიალური ასთმა და ფილტვების შეშუპება cardiac asthma
კარდიალური ასთმა და ფილტვების შეშუპება – სუნთქვის მძიმე გართულების პაროქსიზმული ფორმებია.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. კარდიალური ასთმისა და ფილტვების შეშუპების მიზეზებია პირველადი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა (მიოკარდის ინფარქტი, ჰიპერტონული კრიზი და არტერიული ჰიპერტენზიის სხვა პაროქსიზმული ფორმები, მწვავე ნეფრიტი, მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა მიოკარდიოპათიით დაავადებულებში და სხვ.) ან ქრონიკული მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის მწვავე გამოვლინება (მიტრალური ან აორტის მანკი, გულის ქრონიკული ანევრიზმა, და სხვ.).
ძირითად პათოგენეტიკურ ფაქტორს – ფილტვის კაპილარებში ჰიდროსტატიკური წნევის მომატებას, ჩეულებრივ ემატება მაპროვოცირებელი ფაქტორები: ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა, ჰიპერვოლემია (ჰიპერჰიდრატაცია, სითხის შეკავება), სისხლის მიდინების გაზრდა მცირე წრის სისტემაში ჰორიზონტალურ მდებარეობაში გადასვლის დროს და ცენტრალური რეგულაციის მოშლა ძილის დროს და სხვა ფაქტორები.შეტევის თანმხლები აგზნება, არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, სასუნთქი და დამხმარე მუსკულატურის გაძლიერებული მუშაობა ზრდიან დატვირთვას გულზე და აქვეითებენ მისი მუშაობის ეფექტურობას. ჰიპოქსია და აციდოზი იწვევს გულის მუშაობის შემდგომ გაუარესებას, ცენტრალური რეგულაციის დარღვევას, ალვეოლარული მემბრანის მომატებულ განვლადობას და აქვეითებენ მედიკამენტოზური თერაპიის ეფექტურობას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. 1. ქოშინის გაძლიერება (გაჩენა), ორთოპნოე; ხუთვა, ჩახველება ან მხოლოდ მოჭერა გულმკერდში მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს ან ჰორიზონტალურ მდებარეობაში გადასვლისას; სუნთქვის შესუსტება და მცირე ხიხინი ბეჭებს ქვემო; 2. გულის ასთმა: ხუთვა ხველასთან ერთად, მსტვინავი სუნთქვა. ორთოპნოე, ფორსირებული გახშირებული სუნთქვა; აგზნება, სიკვდილის შიში; ციანოზი, ტაქიკარდია, ხშირად დიასტოლური წნევის მომატება. აუსკულტაციით – შესუსტებული სუნთქვის ფონზე მშრალი, არც თუ იშვიათად წვრილბუშტუკოვანი ხიხინები. მძიმე შემთხვევებში – ცივი ოფლი, ,,რუხი ციანოზი, კისრის ვენების დაბერვა, პროსტრაცია. ბრონქების ლორწოვან გაფუებას შესაძლოა თან ახლდეს ბრონქული გამტარობის დარღვევა (,,შერეული ასთმა). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიფერენცალური დიაგნოზის გატარება ბრონქულ ასთმასთან, ვინაიდან ბრონქული ასთმის დროს უკუნაჩვენებია (საშიშია) ნარკოტიკული ანალგეტიკები და ნაჩვენებია ადრენერგული პრეპარატები. საჭიროა სათანადოდ შეფასებულ იქნას ანამნეზი და ყურადღება მიექცეს გაძნელებულ და გახანგრძლივებულ ამოსუნთქვას. 3. ფილტვების შეშუპება: წარმოიქმნება მეტ – ნაკლებად უეცრად; უხვი წვრილი და საშუალობუშტუკოვანი ხიხინების გაჩენა, რომელიც ვრცელდება ფილტვების წინა ზედა ნაწილებზე, მიუთითებს განვითარებად ფილტვების შეშუპებაზე (II ხარისხი). ქაფიანი, ვარდისფერი ნახველის (ერითროციტების მინარევი) გაჩენა წარმოადგენს ფილტვების შეშუპების უტყუარ ნიშანს. ხიხინები გარკვევით მოისმინება დაცილებულ მანძილზე (III ხარისხი). სხვა ობიექტური და სუბიექტური ნიშნები ისეთივეა, როგორიც მძიმე კარდიალური ასთმის დროს. IV სტადიისათვის დამახასიათებელია მძიმე ორთოპნოე, ცივი ოფლი. განასხვავებენ ელვისებურ (სიკვდილი დგება რამდენიმე წუთის განმავლობაში), მწვავე (შეტევის ხანგრძლივობაა 0,6 – დან 2 – 3 საათამდე) და მძიმე (დღე – ღამისა და მეტი) მიმდინარეობას. ფილტვების შეშუპების დროს ქაფიანი ნახველი საჭიროა განვასხვავეოთ ქაფიან, ხშირად სისხლით შეფერილი ნერწყვისაგან, რომელიც გამოიყოფა ეპილეფსური შეტევისა და ისტერიის დროს.
მკურნალობა – ექსტერნულია უკვე საწყის სტადიაშივე (შესაძლოა ლეტალური გამოსავალი). თერაპიული ღონისძიებების თანამიმდევრობა ბევრადაა დამოკიდებული მათი ჩატარების შესაძლებლობაზე, დროზე, ჰოსპიტალიზაცია შესაძლოა საჭირო გახდეს პირველ სტადაშივე კარდიალური ასთმის სტატუსიდან გამოყვანის შემდეგ. ფილტვების შეშუპების თერაპია ტარდება სასწრაფო დახმარების სპეციალიზირებული რეანიმაციული კარდიოლოგიური ბრიგადის ძალებით.
პროგნოზი სერიოზულია ყველა სტადიაზე და ბევრადაა დამოკიდებული ძირითადი დაავადების სიმძიმეზე და ადეკვატურ სამკურნალო ღონისძიებებზე. პროგნოზი განსაკუთრებით სერიოზულია ფილტვებისგავრცელებული შეშუპებისას ჰიპოტენზიასთან ერთად.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები