ჰიპოპარათირეოზი

ჰიპოპარათირეოზი hypoparathyroidism

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰიპოპარათირეოზი (ტეტანია) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებით, ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის მომატებითა და კრუნჩხვითი სინდრომით.

ჰიპოპარათირეოზი – ეტიოლოგია. ოპერაციის დროს ფარისებრახლო ჯირკვლის ამოკვეთა ან დაზიანება, მათი დაზიანება  ინფექციების, ინტოქსიკაციების, ავტოიმუნური დარღვევების დროს, ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითება პარატჰორმონის მოქმედებისადმი.

ჰიპოპარათირეოზი – პათოგენეზი. პარატჰორმონის არასაკმარისი გამოყოფა და აქედან გამომდინარე კალციუმ-ფოსფორის ჰომეოსტაზის დარღვევები (ჰიპოკალციემია და ჰიპერფოსფატემია). მატულობს ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობა, ვლინდება მიდრეკილება კრუნჩხვითი სინდრომისაკენ.

ჰიპოპარათირეოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. კრუნჩხვის შეტევას წინ უძღვის გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ზედა ტუჩის არეში, თითებსა და ფეხებში, კიდურების გაცივება, შებოჭილობის გრძნობა. შემდეგ ვითარდება ცალკეული კუნთთა ჯგუფების მტკივნეული ტონური და კლონური კრუნჩხვები. კრუნჩხვები აღინიშნება უპირატესად მომხრელ კუნთებში, ამიტომ ხელის მტევანი ღებულობს დამახასიათებელ ,,მეანის ხელის“ მდგომარეობას. ქვედა კიდურების მომხრელი კუნთების ტეტანიის დროს ტერფი შიგნით იხრება, თითები კი ტერფისაკენ (,,ცხენის ტერფი“). სახის კუნთების კრუნჩხვებს თან ახლავს ტრიზმი, ,,თევზის პირის“ წარმოქმნა. კრუნჩხვების გავრცელებამ კისრის კუნთებზე შესაძლოა გამოიწვიოს ლარინგოსპაზმი, რაც ვლინდება ქოშინით, ციანოზით, ზოგჯერ ასფიქსიით. შესაძლებელია განვითარდეს პილოროსპაზმი ღებინებით, გულისრევით, აციდოზით; აღინიშნება ნაწლავის, შარდის ბუშტის სპაზმები. გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების სპაზმი იწვევს მკვეთრ ტკივილებს გულის არეში. ტეტანიის შეტევები პროვოცირდება სხვადასხვა გამაღიზიანებლებით: ტკივილით, მექანიკური, თერმული, ჰიპერვენტილაციური გამაღიზიანებლებით. სახის ნერვის ღეროზე დაკაკუნება გარეთა სასმენი მილის მახლობლად იწვევს შუბლის კუნთების, ზედა ქუთუთოს, პირის კუნთების შეკუმშვას; ხოლო დაკაკუნება სახის ნერვის ზედა ტოტის გასწვრივ თვალბუდის გარეთა კიდეზე იწვევს ქუთუთოს მრგვალი კუნთის შეკუმშვას. დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს, შეტევებს შორის პერიოდში ავადყოფებს აწუხებთ ოფლიანობა, მხედველობის გაუარესება აკომოდაციის დარღვევის გამო, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება. ვითარდება ჰიპოკალციემიური კატარაქტა, ფრჩხილების მტვრევადობა, კბილების კარიესი. აღინიშნება ფსიქიკის ცვლილებები: ინტელექტის, მეხსიერების დაქვეითება, ნევროზები. სისხლში კაციუმის შემცველობა დაქვეითებულია, განსაკუთრებით მისი იონიზირებული ფრაქციის; დადგენილია დამოკიდებულება ტეტანიის სიმძიმესა და სისხლში კაციუმის დონის დაქვეითების ხარისხს შორის. სისხლში ფოსფორის შემცველობა ნორმაზე მაღალია, კალციუმისა და ფოსფორის ექსკრეცია შარდთან დაქვეითებულია; პარათირეოიდული ჰორმონის დონე სისხლში დაწეულია.

ჰიპოპარათირეოზი – მკურნალობა. ტეტანიის კუპირებისათვის ვენაში შეჰყავთ 10-20 მლ 10%-იანი კალციუმის ქლორიდის ან გლუკონატის ხსნარი, პარათირეოიდინი 2 მლ კუნთებში. შეტევების თავიდან აცილების მიზნით ინიშნება კალციუმის პრეპარატები (გლუკონატი, ლაქტატი, გლიცეროფოსფატი) 4-6 გ/დღში, პარათირეოიდინი 2 მლ კვირაში 2-3-ჯერ 1,5 – 2 თვე; კაციუმით მდიდარი დიეტა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ენდოკრინული სისტემის დაავადებები