დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი thyrotoxicosis

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი დაავადება, რომელიც ხასაიათდება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიითა და ჰიპერფუნქციით.

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორებს, ინფექციებს, ინტოქსიკაციებს, ფსიქიკურ ტრავმებს. პათოგენეზის საფუძველია – იმუნური ,,ზედამხედველობის“ მოშლა, რის გამოც ხდება მასტიმულირებელი მოქმედების ავტოანტისხეულების წარმოქმნას, რაც იწვევს ჯირკვლის ჰიპერფუნქციას, ჰიპერპლაზიასა და ჰიპერტროფიას. მნიშვნელობა აქვს ქსოვილთა მგრძნობელობის ცვლილებას თირეოიდული ჰორმონისადმი. კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია თირეოიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობის ზემოქმედებით ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახეებზე, ორგანოებზე და ქსოვილებზე.

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადმყოფები უჩივიან გაღიზიანებადობას, მტირალობას, მომატებულ აგზნებადობას, ძილის მოშლას, სისუსტეს, დაღლილობას, ოფლიანობას, ხელების ტრემორს და მთლიანი სხეულის კანკალს; პროგრესირებს სიგამხდრე, ნორმალური ან გაძლიერებული მადის დროს. ზოგჯერ ახალგაზრდა ავადმყოფებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ სხეულის მასის მატება – ,,მსუქანი ბაზედოვი“. დიფუზურად გადიდებულია; შესაბამისობა მისი გადიდების ხარისხსა და თირეოტოქსიკოზის სიმძიმეს შორის არ არსებობს. თვალის მხრივ აღინიშნება შემდეგი ცვლლებები: ორმხრივი ეგზოფთალმი, ტროფიკული დაზიანებებისა და თვალის კაკლების მოძრაობის შეზღუდვის გარეშე; გრეფეს, მებიუსის, კოხერის სიმპტომები. თირეოტოქსიკოზის ძირითადი გამოვლინებაა ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – თირეოტოქსიკური კარდიომიოპათია, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ინტენსივობის ტაქიკარდიით, მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმით, რაც მძიმე შემთხვევებში იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას. იშვიათ შემთხვევებში, ხშირად მამაკაცებში, მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები შესაძლოა იყოს თირეოტოქსიკოზის ერთადერთი სიმპტომი. დამახასიათებელია დიდი პულსური წნევა, მაღალი სისტოლური და დაბალი დიასტოლური წნევის შედეგად, გულის საზღვრების გაფართოება მარცხნივ, ტონების გაძლიერება, ფუნქციური სისტოლური შუილი მწვერვალზე და ფილტვის არტერიაზე, სისხლძარღვების პულსაცია კისრის, მუცლის არეში. აღინიშნება აგრეთვე დისპეფსიური მოვლენები, ტკივილი მუცელში, მძიმე შემთხვევებში – ღვიძლის გადიდება და მისი ფუნქციის დარღვევები; ხშირია ტოლერანტობის დარღვევა ნახშირწყლებისადმი. თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმის ან მისი ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვლინდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომები: მკვეთრი ადინამია, ჰიპოტენზია, კანის ჰიპერპიგმენტაცია. ტოქსიკური ჩიყვის ხშირი სიმპტომია კუნთოვანი სისუსტე, რასაც თან ახლავს კუნთების ატროფია, ზოგჯერ ვითარდება კიდურების პროქსიმალური ნაწილების დამბლა. ნევროლოგიური გამოკვლევით ვლინდება ჰიპერრეფლექსია, ანიზორეფლექსია. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს კანის გასქელება წვივის წინა ზედაპირზე და ტერფის ზურგზე (პრეტიბიალური მიქსედემა). ქალებში ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მამაკაცებში – პოტენციის დაქვეითება, ზოგჯერ ორი – ან ცალმხრივი გინეკომასტია, რომელიც ქრება თირეოტოქსიკოზის განკურნების შემდეგ. ხანდაზმულ ასაკში თირეოტოქსიკოზის განვითარება იწვევს სხეულის მასის შემცირებას, სისუსტეს, მოციმციმე არითმიას, გულის უკმარისობის სწრაფ განვითარებას, გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობის გაუარესებას; ხშირია ფსიქიკის ცვლილებები – აპათია, დეპრესია, შესაძლებელია განვითარდეს პროქსიმალური მიოპათია. განასხვავებენ დაავადების მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე მიმდინარეობას. მსუბუქი მიმდინარების დროს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები მკვეთრად არაა გამოხატული, პულსის სიხშირე არ აღემატება 100 დარტყმას წუთში, სხეულის მასის დანაკარგია 3-5 კგ; საშუალო სიმძიმის დროს მკაფიოდაა გამოხატული თირეოტოქსიკოზის სიმპტომები, ტაქიკარდია წუთში 100-120 დარტყმა, სხელის მასის დანაკარგია 8-10 კგ. მძიმე მიმდინარების დროს პულსის სიხშირე აღემატება 120-140 დარტყმას წუთში, აღინიშნება სიგამხდრე, მეორადი ცვლილებები შინაგან ორგანოებში. სისხლში შემცირებულია ქოლესტერინის დონე, მომატებულია ცილასთან შეკავშირეული იოდი, თიროქსინისა და ტრიიოდთირეოიდინის დონე; თირეოტროპული ჰორმონის დონე დაბალია; საეჭვო შემთხვევებში ტარდება სინჯი თიროლიბერინთან.

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი – მკურნალობა. იყენებენ მედიკამეტურ და ქირურგიულ მეთოდებს. მედიკამენტოზური თერაპიის უეფექტობისა და გართულებების განვითარების დროს (ალერგიული რეაქცია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი მერაკაზოლილის შეყვანისას), ასევე თირეოტქსიკოზის მძიმე მიმდინარეობისას, მოციმციმე არითმიისდროს, მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას.

ენდოკრინული სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.