სიმსუქნე

ლალი დათეშიძე

სიმსუქნე – დაავადება, რომელიც განპირობებულია ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით. ხშირია 40 წლის ასაკის ზევით, უპირატესად ქალებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. განსკუთრებით ხშირად სიმსუქნე წარმოქმნება ჭარბი ჭამის დროს, მაგრამ შესაძალებელია განვითარდეს ენერგიის ხარჯვის კონტროლის დარღვევითაც. გარკვეული როლი ენიჭება მემკვიდრეობით-კონსტიტუციურ წინასწარგანწყობას, ფიზიკური აქტიურობის დაქვეითებას, ასაკობრივ, სქესობრივ, პროფესიონალურ ფაქტორებს, ზოგიერთ ფიზიოლოგიურ მდგომარეობებს (ორსულობა, ლაქტაცია, კლიმაქსი). სიმსუქნე წარმოადგენს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ დაავადებას, რომლის პათოგენეზში წამყვანი როლი აქვს ამა თუ იმ ხარისხით გამოხატულ ჰიპოთალამურ, ასევე ჰორმონულ დარღვევებს. მატულობს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის აქტიურობა: იზრდება აკტჰ სეკრეცია, კორტიზოლის პროდუქცია, ჩქარდება მისი მეტაბოლიზმი; ქვეითდება სომატოტროპული ჰორმონის სეკრეცია, რომელსაც გაჩნია ლიპოლიზური მოქმედება, ირღვევა გონადოტროპინებისა და სასქესო სტეროიდების სეკრეცია. დამახასიათებელია ჰიპერინსულინემია, მისი მოქმედების ეფექტურობის დაქვეითება. ირღვევა თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი და მათ მიმართ პერიფერიული ქსოვლების მგრძნობელობა. გამოყოფენ ალიმენტურ-კონსტიტუციურ, ჰიპოთალამურ და ენდოკრინულ სიმსუქნეს. ალიმენტურ-კონსტიტუციური სიმსუქნე ატარებს ოჯახურ ხასიათს, ვითარდება, როგორც წესი, სისტემური ჭარბი კვებისას, კვების რეჟიმის დარღვევების, ადეკვატური ფიზიკური დატვირთვის არარსებობისას, ხშირია ერთი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის. ჰიპოთალამური სიმსუქნე წარმოიქმნება ჰიპოთალამური ფუნქციის დარღვევების შედეგად და ამასთან დაკავშირებით აქვს რიგი კლინიკური თავისებურებები. ენდოკრინული სიმსუქნე წარმოადგენს ენდოკრინული ჯირკვლების პირველადი პათოლოგიის ერთ – ერთ სიმპტომს: ჰიპერკორტიციზმის, ჰიპოთირეოზის, ჰიპოგონადიზმის. ამასთან, სიმსუქნის ყველა ფორმის დროს ადგილი აქვს ამა თუ იმ ხარისხის ჰიპოთალამურ დარღვევებს, რომელიც წარმოიქმნება პირველადად, ან სიმსუქნის განვითარების პროცესში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სიმსუქნის ყველა ფორმის საერთო ნიშანია სხეულის ჭარბი წონა. გამოყოფენ 4 ხარისხსა და ორ სტადიას – პროგრესირებადსა და სტაბილურს. პირველი ხარისხის დროს სხეულის ფაქტიური მასა აღემატება იდეალურს არა უმეტეს 29%, მეორე ხარისხის დროს – 30-40%, მესამე ხარისხის დროს – 50-99%, მეოთხე ხარისხის დროს – სხეულის მასა აღემატება იდეალურს 100%-ით და მეტად. სიმსუქნის I – II ხარისხის დროს ავადმყოფებს ჩივილები არა აქვთ, შედარებით მასიური გასუქებისას მათ აწუხებთ სისუსტე, ძილიანობა, ხასიათის დათრგუნვა, ზოგჯერ ნევროზულობა, გაღიზიანებადობა; გულისრევა, მწარე გემო პირში, ქოშინი, ქვედა კიდურების შეშუპებები, სახსრებისა და ხერხემლის ტკივილი. ჰიპოთალამური სიმსუქნის დროს ხშირად აწუხებთ გაძლიერებული მადა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, ღამით შიმშილის გრძნობა, წყურვილი, ქალებში აღინიშნება მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა დარღვევები, უნაყოფობა, ჰირსუტიზმი, მამაკაცებში – პოტენციის დაქვეითება; ვლინდება კანის ტროფიკული დარღვევები, ბარძაყებზე, მუცელზე, მხრებზე, იღლიისქვეშა ფოსოებში ვარდისფერი სტრიები, კისრის, იდაყვების, ხახუნის ადგილების ჰიპერპიგმენტაცია, არტერიული წნევის მომატება.

მკურნალობა კომპლექსურია, მიმართულია სხეულის მასის შემცირებისაკენ და ითალისწინებს დიეტთერაპიასა და მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებს. რეკომენდებულია ბალანსირებული დაბალკალორიული დიეტა ნახშირწყლებისა და, ნაწილობრივ ცხიმების შემცირების ხარჯზე. კვება უნდა იყოს დღეში 5-6-ჯერ; იყენებენ განტვირთვის დღეებს: ცილოვანი (350 მოხარშული ხორცი ან 500 გ ხაჭო), ხილის და ა. შ. აუცილებელია აქტიური მოძრაობა, სისტემატური სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი. გაძლიერებული მადის დროს ავადმყოფებს უნიშნავენ ანორექსიგენურ პრეპარატებს. მეოთხე ხარისხის სიმსუქნის დროს ნაჩვენებია მკურნალობის ქირურგიული მეთოდები. ენდოკრინული ფორმების დროს ტარდება ძირითადი დაავადების მკურანლობა.