ანკილოზი ankylosis
ანკილოზი – სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, მასში პათოლოგიური ცვლილებების გამო. წარმოიქმნება სახსარში ანთებითი ცვლილებების შედეგად, ასევე სახსარშიგა მოტეხილობების შემდეგ. განსაკუთრებით ხშირად ანკილოზი წარმოიქმნება სახსრის ღია მოტეხილობის შემდეგ, რასაც თან სდევს მასში ხანგრძლივად მიმდინარე ჩირქოვანი პროცესის განვითარება. ამასთან ხდება სასახსრე ზედაპირის ხრტილოვანი ზედაპირის დეგენერაცია შემაერთებელქსოვილოვანი ფიბროზული (ფიბროზული ანკილოზი) ან ძვლოვანი ქსოვილის (ძვლოვანი ანკილოზი) ზრდით. სახსრის ანკილოზის განვითარებას ასევე ხელს უწყობს ხანგრძლივი დროის გამავლობაში თაბაშირის სახვევის ტარება.
ანკილოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ფიბროზული ანკილოზის დროს ძირითადი ჩივილია ტკივილი სახსარში. ამასთან, ნარჩენი რყევითი მოძრაობები შენარჩუნებულია. ძვლოვანი ანკოლოზი ხასიათდება ტკივილის არარსებობით; სახსრის ანკილოზის დროს კიდურის ფუნქციურად ხელსაყრელ მდგომარეობაში ხმარება შესაძლებელია.
ანკილოზი – დიაგნოზი ზუსტდება სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევით.
ანკილოზი – მკურნალობა ოპერაციულია, ტარდება ართროპლასტიკა.
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.