კომა

კომა coma

კომა უეცრად ან თანდათანობით განვითარებული უგონო მდგომარეობა, რომელსაც ახლავს გულის მუშაობის, სუნთქვის რიტმის, ასევე მგრძნობელობისა და სხვ. დარღვევები.

კომა – ეტიოლოგია: ქალა-ტვინის ტრავმა, ინსულტი, ინფექცია, ეპილეფსიური სტატუსი, ტვინის სიმსივნეები, ეგზოგენური ინტოქსიკაციები, სისტემური მეტაბოლიზმის დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, ურემია, ეკლამფსია, თირეოტოქსიკოზი და სხვ.). კომის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ტვინის ღეროს აღმავალი აქტივიზირებული სისტემებისა და შუამდებარე ტვინის დაზიანება.

კომა სიმპტომები, მიმდინარეობა. სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევების გამოხატულების მიხედვით კომას ყოფენ რამდენიმე ხარისხად: მსუბუქი ხარისხის დროს ავადმყოფები რეაგირებენ მტკივნეულ გაღიზიანებაზე; შენარჩუნებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის რეფლექსები, კორნეალური და გუგის, ზოგჯერ შენარჩუნებულია მყესოვანი რეფლექსები, ბაბინსკის რეფლექსი. კომის გამოხატული ხარისხი: რეაქცია აღინიშნება მხოლოდ ინტენსიურ ტკივილზე, დარღვეულია ყლაპვა, თუმცა საკვების მოხვედრისას სასუნთქ გზებში წარმოიქმნება რეფლექტორული ხველა; სუნთქვა სტრიდოროზულია, არაიშვიათად ჩეინ-სტროქსის ტიპის. ღრმა კომა: არეფლექსია, ატონია, მიდრიაზი, სუნთქვისა და სისხლმიმოქცევის ღრმა დარღვევები. უკიდურესი (ტერმინალური) კომა: ავადმყოფის სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებულია მხოლოდ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისა და გულის სტიულაციის ხარჯზე.

კომა – მკურნალობა. ტარდება პათოგენეტიკური თერაპია. ყველა სტადიის დროს ნაჩვენებია რეანიმაციული ღონისძიებები. პროგნოზი დამოკიდებულია მიზეზზე და ტვინის ღეროს დაზიანების სიმძიმეზე. ღრმა კომის დროს პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა; აბსოლუტურად არაკეთილსაიმედოა ზღვარს გადასული კომის დროს.

ნერვული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კომა – (ნერვ. დაავ.) გონების ღრმა დაკარგვა გაღიზიანებაზე რეაქციების არარსებობით. გვხვდება შაქრიანი დიაბეტის, ურემიის, თავის ტვინის ინსულტების (ხშირად ჰემორაგიული), მოწამვლების, ინფექციური დაავადებების, ქალა – ტვინის მძიმე ტრამვების, თავის ტვინის სიმსივნეების დროს. ვითარდება ქერქის, შემდგომ კი ქერქქვეშა ფუნქციის დამუხრუჭება. სიმპტომები. გონების ღრმა დაკარგვა; პულსი გახშირებულია ან გაიშვიათებული, გუგები გაფართოებული ან შევიწროებული. კომის პროგრესირების პარალელურად ქრება მყესოვანი და კანის რეფლექსები, ირღვევა სუნთქვა, ქვეითდება არტერიული წნევა. – ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის ძლიერი დათრგუნვის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ცნობიერების სრული დაკარგვით, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის არარსებობითა და ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციათა რეგულაციის მოშლით.(2)

 

Share this...Share on Facebook
Facebook