ქორეა

ქორეა chorea

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ქორეა ჰიპერკინეზი, რომელიც ხასიათდება კიდურების, ტანისა და სახის კუნთების გაფანტული, უწესრიგო ბიძგებით. ავადმყოფები მოუსვენრად არიან, მუდმივად აღენიშნებათ გრიმასები, წამდაუწუმ ეხეთქებიან გარემომცველ საგნებს, ძნელად ინარჩუნებენ მიღებულ პოზას. ბიძგები წყვეტენ ნებით მოძრაობას, იწვევენ მის არაკოორდინირებულობას; ტიპიურია ცეკვისებრი სიარულის მანერა. ორალური ჰიპერკინეზების შედეგად ვითარდება დიზართრია, მძიმე შემთხვევებში ავადმყოფებს საერთოდ არ შეუძლიათ ლაპარაკი. ქორეის განვითარებაში მცირე მნიშვნელობა აქვს სტრიის სტრუქტურებისა და ნათხემის დაზიანებას.

ქორეა – სიდენგამის მცირე ქორეა – ხშირად წარმოადგენს ტვინის რევმატიული დაზიანების შედეგს, რომელიც ვითარდება ბავშვებში. პათოლოგიურ სუბსტრატს შეადგენენ ნერვული ქსოვილის ანთებითი, სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცვლილებები. დამახასიათებელია უნებლიე, არაკოორდინირებული მოძრაობები კუნთოვანი ტონუსის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ემოციური ლაბილობა, მტირალობა, იმპულსურობა, აგრესიულობა. ტიპიურია მუხლის რეფლექსის ტონური ფორმა (გორდონის სიმპტომი). ცერებრულ-სპინურ სითხეში ცვლილებები არ აღინიშნება. დაავადება გრძელდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. შემთხვევათა 1/3-ში წარმოიქმნება რეციდივები. მცირე ქორეის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ტიკებთან, რომელთათვისაც დამახასიათებელია სტერეოტიპულობა და ლოკალურობა. ორსულთა ქორეა  წარმოადგენს მცირე ქორეის ვარიანტს, რომელიც წარმოიქმნება ორსულობის პირველ თვეებში ახალგაზრდა ქალებში.

ქორეა – გენგინგტონის ქორეა (ქორეული დემენცია) – მემკვიდრეობითი დაავადება. ქორეული ჰიპერკინეზები ჩნდება 30-40 წლის ასაკში, მოგვიანებით უერთდება პროგრესირებადი ჭკუასუსტობა, რომელიც იწვევს პიროვნების სრულ მოშლას. მოხუცებულობით ქორეასთან დიფერენცირებისას მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ანამნეზს;

ქორეა მკურნალობა.ჰიპერკინეზებისა და იპულსურობის შემსუბუქება შესაძლებელია ნეიროლეპტიკების დანიშვნით. პროგნოზი აბსოლუტურად არაკეთილსაიმედოა – ავადმყოფები იღუპებიან კახექსიისა და ღრმა ჭკუასუსტობის დროს. დამძიმებული მემკვიდრეობითობის მქონე პირებისათვის მიზანშეწონილი არ არის ბავშვების ყოლა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები