ასოს კიბო

ასოს კიბო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ასოს კიბო – შედარებით იშვიათი დაავადებაა. შესაძლოა განვითარდეს სიმსივნისწინა დაავადებების ფონზე (ლეიკოპლაკია, კეირის ერითროპლაზია და სხვ.). თითქმის ყოველთვის ვითარდება ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების მაღალი ხარისხით.  ზიანდება სასქესო ასოს სხეული; ურეთრა პროცესში იშვიათად ერთვება. მეტასტაზები წარმოიქმნება ორივე მხარეზე საზარდულის, მენჯის, პერიტონეუმსგარე ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში. სიმსივნე ნელა ვითარდება; შემდეგში ხდება დაწყლულება, ვლინდება სისხლდენა, ანთებითი გართულებები, ვითარდება ფიმოზი.

ასოს კიბოს დიაგნოზის დაზუსტება ხდება ციტოლოგიური გამოკვლევით სიმსივნის პუნქტატიდან, ასევე ბიოფსიის დროს ჰისტოლოგიური გამოკვლევით. დიაგნოზი ხშირად დაგვიანებულია, ავადმყოფის გვიანი მიმართვის გამო, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიებზე სასქესო ასოს განკურნების შესახებ ინფორმაცია და პროფილაქტიკური შემოწმებები. დაავადების სტადიები: I სტადია – ლოკალიზებული სიმსივნე მეტასტაზების გარეშე. მაღალეფექტურია სიმსივნის ამოკვეთა ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში ან სხივური თერაპია. დასხივების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ურეთრის შევიწროება, კანისმიერი ცვლილებები, ატროფია. დაავადების რეციდივი იშვიათია. 5 წლის შემდეგ ავადმყოფთა 90% ჯანმრთელია. II სტადია გამოირჩევა მეტასტაზების არსებობით ლიმფურ კვანძებში. მკურნალობა ანალოგიურია; დამატებით საზარდულისა და მენჯის ლიმფურ კვანძებზე ატარებენ სხივურ თერაპიას. შემდეგში ადგილობრივი რეციდივი იშვიათია, თუმცა შესაძლებელია მეტასტაზების განვითარება. II!-IV სტადიისათვის დამახასიათებელია არაოპერაბელური პირველადი სიმსივნე მეტასტაზებით ლიმფურ კვანძებშიდა სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, ან მათ გარეშე. პალიატიური მნიშვნელობა აქვს სასქესო ასოს მოკვეთას, სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები