საყლაპავის კიბო

საყლაპავის კიბო

საყლაპავის კიბო (esophageal carcinoma) ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება 55 წლის ასაკში და ზევით, მამაკაცებში 3-ჯერ ხშირია ვიდრე ქალებში. ძირითადი ჰისტოლოგიური ფორმაა ბრტყელ-უჯრედოვანი კიბო. ავთვისებიან სიმსივნეს წინ უძღვის ქრონიკული ეზოფაგიტები, პეპტიკური წყლულები, ქიმიური და თერმული დამწვრობები. ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ძალიან ცხელი საკვების სისტემატურ მიღებას, საყლაპავის მიკროდამწვრობებსა და მიკროტრავმებს, აფლატოქსინების, ნიტროზამინების, ალკოჰოლის, ვიტამინების А და С უკმარისობას. საყლაპავის კიბო შესაძლებელია იყოს წყლულოვანი, მეჭეჭისებრ-პაპილომატოზური და ინფილტრირებადი. ყველაზე უფრო ხშირად სიმსივნე ლოკალიზდება საყლაპავის შუა მესამედში (60%), შემდეგ ქვედა მესამედში (30%), და იშვიათად კისრის ნაწილში.

საყლაპავის კიბო – სიმპტომები: დისფაგია (თავდაპირველად აღინიშნება მაგარი საკვების ყლაპვის გაძნელება, შემდეგ კი ნახევრადთხევადი და თხევადი საკვების; დისფაგია პროგრესირებს განუხრელად), ტკივილი (ასევე ყლაპვისას), ნერწყვგამოყოფა (ხშირად კიბო კისრის ზედა და გულმკერდზედა ლოკალიზაციის დროს), სიგამხდრე და გაუწყლოვნება. რენტგენოლოგიური და ენდოსკოპური გამოკვლევები საშუალებას იძლევა დავადგინოთ საყლაპავის შევიწროების ხარისხი, განვსაზღვროთ სიმსივნის ზომები, წყლულის არსებობა. საბოლოო დიაგნოზს სვამენ ბიოფსიის შემდეგ. ავადმყოფები იღუპებიან როგორც გართულებების გამო, რომლებიც უკავშირდება პირველად სიმსივნეს (პერფორცია, რაც იწვევს მედიასტინიტს, გამოფიტვა), ასევე დაცილებული მეტასტაზებს (ლიმფური კვანძები, ფილტვები, ღვიძლი).

საყლაპავის კიბო – მკურნალობა. მკურნალობის ძირითადი მეთოდია ქირურგიული ან კომბინირებული (სხივური თერაპია ოპერაციასთან შერწყმით). შესაძლოა ჩატარდეს გასტროსტომის ტიპის პალიატიური ოპერაციები. მკურნალობის სხივური მეთოდი, როგორც ერთადერთი, ასევე შესაძლებელია.

სიმსივნური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.