ამებური მენინგოენცეფალიტი

ამებური მენინგოენცეფალიტი – (სინ.: ცერებრული ამებოიდოზი) იშვიათი დაავადება, რომლის გამომწვევია სხვადასხვა სახის ამებები; კლინიკურად ხასიათდება ჩირქოვანი მენინგოენცეფალიტის განვითარებითა და მძიმე მიმდინარეობით. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3 – 7 დღეა. იწყება უეცრად, ტკივილითა და სიმშრალის გრძნობით ყელში, თავის ძლიერი ტკივილით, ღებინებით, ტემპერატურის მომატებით. ვლინდება მენინგოენცეფალიტის ნიშნები, ვითარდება კომატოზური მდგომარეობა. დაავადების მე – 2 – 7 დღეს ავადმყოფთა უმრავლესობა იღუპება მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ცენტრების დაზიანების გამო.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი