ამიტოზი

ამიტოზი – (amitosis ბერძნ.a – უარყოფა, mitos – ძაფი; მიტოზის საპირისპირო; სინ. უჯრედის პირდაპირი გაყოფა) უჯრედის (ბირთვის) გაყოფის ერთ – ერთი ხერხი, რომელიც ხორციელდება ბირთვის პირდაპირი გადაზონრვითა და შემდგომი პლაზმოტომიით ან უპლაზმოტომიოდ.

მიტოზისგან განსხვავებით, ამიტოზი მიმდინარეობს ბირთვის ხილული გარდაქმნის გარეშე. ამ დროს არ წარმოიქმნება ქრომოსომები და გაყოფის თითისტარა, აგრეთვე არ ხდება შვილეულ უჯრედებს შორის ქრომოსო­მების კანონზომიერი განლაგება. ამიტოზის ფორმები სხვადასხვანაირია (ბირთვის თანაბარი გადაზონრვა ორად, ბირთვში ტიხრის წარმოქმნა, ფრაგმენტაცია, კვირტვა და სხვ.).

ამიტოზს თან არ სდევს გაყოფადი უჯრედის ფუნქციონირების შეწყვეტა. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ამიტოზს წინ უსწრებს დნმ – ის სინ­თეზი. ამიტოზი ხშირია მაღალდიფერენ­ცირებულ ქსოვილებში. მრავალ ავტორს ამიტოზი მიაჩნია უჯრედშიგა რეგულაციურ რეაქციად, რომლის მეოხებით დგინდება გარკვეული ბირთვულ – ციტოპლაზმური ფარდობა.

ვინაიდან ინტერფაზის პერიოდში ამიტოზი უჯრედის ცხოველმყოფელობის ერთ – ერთი მნიშვ­ნელოვანი გამოვლინებაა, ის არეგულირებს ქსოვილის მუშა მწარმოებ­ლობას და არც თუ იშვიათად იწვევს პოლიპლოიდური უჯრედების წარ­მოქმნას. ამიტოზი რემაკმა აღწერა (1841). ტერმინი შემოიღო ფლემინგმა (1882).

(ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.