აშრევებადი ანევრიზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აშრევებადი ანევრიზმა – განპირობებულია ინტიმას გაგლეჯით, რომელიც წარმოიქმნება უპირატესად აორტის აღმავალ ნაწილში. აორტის აშრევებას ხელს უწყობს მარფანის სინდრომი, მაღალი არტერიული წნევა, იდიოპათიური კიფოსკოლიოზი. სისხლი შიგა გარსის დეფექტიდან გაედინება აორტის კედელში, შლის შუა გარსს და განაცალკევებს შიგნითა გარსს გარეთა გარსისაგან. გართულებები: ანევრიზმის გასკდომა, აორტისა და მისგან გამომავალი ტოტების სანათურის შევიწროება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომია – მკვეთრი, მზარდი ტკივილი გულმკერდში. ტკივილი ძლიერადაა გამოხატული, ზოგჯერ თან ახლავს შოკი, ამასთან ტკივილის სინდრომის გაძლიერება ემთხვევა არტერიული წნევის მომატებას. დიაგნოზი ეყრდნობა გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევის მონაცემებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას და აორტოგრაფიას. აორტის აშრევების წარმოქმნიდან პირველი დღეების განმავლობაში იღუპება ავადმყოფთა 25%, კვირის განმავლობაში – 50%, თვის განმავლობაში 75%; წელზე მეტხანს ცოცხლობენ ავადმყოფთა დაახლოებით 10%. სიკვდილის მიზეზია ანევრიზმის გასკდომა და სისხლდენა პერიკარდში, შუასაყარში, პლევრის ღრუში. მკურნალობა. ექსტერნული ღონისძიებები ითვალისწინებს არტერიული წნევის დაქვეითებას 100 – 120 მმ.მწყ. სვ. – მდე. ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ მხოლოდ აორტის სარქვლის გამოხატული უკმარისობის დროს, რომელიც განვითარდა აშრევებადი ანევრიზმის ნიადაგზე, აშრევებადი ჰემატომის გადიდებისა და მისი გასკდომის საშიშროების დროს, აორტის ძირითადი ტოტების მნიშვნელოვანი შევიწროების დროს, სისხლის პერიკარდის ღრუში და პლევრის ღრუში გადასვლისას, არაეფექტური კონსერვატული თერაპიის დროს და არაკორეგირებადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს. ლეტალობა ასეთი ჩარევების დროს შეადგენს 10 – 20% – ს, ხუთწლიანი გახანგრძლივება – დაახლოებით 50% – ია.

გაფრთხილება!