ბაქტერიციდობა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაქტერიციდობა – (ბაქტერია და ლათ. caedo – ვკლავ), ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორთა უნარი მოსპონ მიკროორგანიზმები. ჩვეულებრივ ამ ტერმინით აღნიშნავენ ყველა სახეობის მიკრობის მოსპობის უნარს. ფიზიკური ფაქტორებიდან ყველაზე მაღალ ბაქტერიციდობას იჩენს თბური და სხივური ენერგია. მიკრობთა უმრავლესობა მეტად მგრძნობიარეა მოკლეტალღიანი, კერძოდ ულტრაიისფერი, სხივებისადმი, რაც საფუძვლად დაედო შენობათა (საოპერაციო ოთახებისა და სხვ.) გაუსნებოვნებას. ბაქტერიციდული თვისების მქონე ქიმიურ ნივთიერებებს ბაქტერიციდულ ნივთიერებებს უწოდებენ. ბაქტერიციდობა ახასიათებს ადამიანისა და ცხოველის სისხლის შრატს (მასში განსაკუთრებული ნივთიერების – კომპლემენტის არსებობის გამო), ცრემლს, ნერწყვს, რძეს, რომლებიც შეიცავენ ლიზოციმს, კუჭის წვენს (მის შემადგენლობაში შედის მარილმჟავა), კანსა და ა. შ. ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს ანტიბიოტიკების დიდ დოზებს. მცენარეებიც გამოყოფენ ბაქტერიციდულ ნივთიერებებს – ფიტონციდებს, რომლებსაც იყენებენ საექიმო პრაქტიკაში. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა