გრძნობები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გრძნობები – (ემოციები) ადამიანის მიერ გარემომცველ სინამდვილესთან (ადამიანთან, მათ ქცევებთან, რაიმე მოვლენებთან) და საკუთარ თავთან დამოკიდებულების განცდა. ხანმოკლე განცდებს (სიხარული, მწუხარება და ა. შ.), სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით, ზოგჯერ ემოციებს უწოდებენ განსხვავებით გრძნობებისაგან, რომლებიც მდგრად, ხანგრძლივ განცდებს წარმოადგენენ (სიყვარული, სიძულვილი და ა. შ.). გრძნობები სინამდვილის ასახვის განსაკუთრებული ფორმაა; ისინი ასახავენ ერთმანეთთან, აგრეთვე ობიექტურ სამყაროსთან ადამიანთა დამოკიდებულებას. გენეტიკურად დეტერმინირებული ადამიანის გრძნობები ყალიბდებიან საზოგადოებაში და უდიდეს როლს ასრულებენ მის ქცევაში, პრაქტიკულ და შემეცნებით მოღვაწეობაში. გრძნობები წარმოადგენენ მოქმედების წარმატებისა და წარუმატებლობის სიგნალს, საგნებისა და მოვლენების შესაბამისობას თუ შუსაბამობას ადამიანთა ინტერესებისა და მოთხოვნილებებისადმი და სწორედ ამით უჭირავთ არსებითი ადგილი ადამიანთა მოქმედების რეგულირებაში; გრძნობა შეიძლება იყოს აქტიური (სთენიკური), რომლებსაც აქვთ დადებითი ემოციური ტონი – სიამოვნება (სიხარული და ა. შ.) და პასიური, რომლებსაც აქვთ უარყოფითი ტონი – უსიამოვნება (მწუხარება და ა. შ.). სთენიკური გრძნობები ამაღლებენ ადამიანის ცხოველმყოფელობას, ასთენიკური გრძნობები ამცირებენ მას. გრძნობებს შორის გამოიყოფიან მათი სპეციფიკური სახეები – განწყობილებები, აფექტები (ძლიერი, მღელვარედ მიმდინარე ემოციური განცდები – რისხვა, ძრწოლვა და ა. შ.), ვნებები. განწყობილება ხანგრძლივი (მაგ. აფექტთან შედარებით) ემოციური მდგომარეობაა (სიხარულისა, დათრგუნვისა და ა. შ.), რომლებიც ადამიანის ყველა სხვა განცდას, აგრეთვე აზრსა და მოქმედებას გარკვეულ ემოციურ ტონს, შეფერილობას ანიჭებს. ვნება არის ძლიერი, ღრმა გრძნობა, რომელიც ადამიანს დიდი ხნით ეუფლება. გრძნობის განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ უმაღლესი გრძნობა – ზნეობრივი (მოვალეობის, ღირსების და ა. შ.), ესთეტიკური (მშვენიერების გრძნობა), ინტელექტუალური (გრძნობები, რომლებიც დაკავშირებული არიან შემეცნებითი ინტერესების დაკმაყოფილებასთან, აზრობრივი ამოცანების გადაწყვეტასთან და ა. შ.) (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook