დედუქციური მეთოდი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დედუქციური მეთოდი – მეცნიერული თეორიების აგების წესი, რომლის სპეციფიკური თავისებურებაა დასკვნის დედუქციური ტექნიკის გამოყენება (დედუქცია). ფილოსოფიაში იყო ცდები მკვეთრი გამიჯვნა მოეხდინათ დედუქციურ მეთოდსა და სხვა მეთოდებს (მაგ. ინდუქციურს) შორის, დედუქციური დასკვნები გაეგოთ როგორც ცდისგარეშე და ისეთი, რაც მეტისმეტად აზვიადებდა დედუქციის როლს მეცნიერებაში. სინამდვილეში კი დედუქცია და ინდუქცია განუყრელად დაკავშირებულია ერთმანეთთან, ხოლო დედუქციური გამომდინარეობის მსვლელობა განპირობებულია ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკულ – შემეცნებითი მოღვაწეობით. დედუქციური მეთოდი არის მეცნიერული ცოდნის აგების ერთ – ერთი შესაძლებელი მეთოდი. იგი, როგორც წესი, გამოიყენება მას შემდეგ, რაც ემპირიული მასალა დაგროვებული და თეორიულად გააზრებულია მისი სისტემატიზაციის მიზნით, იმ მიზნით, რომ მისგან მკაცრად და თანამიმდევრულად იქნეს გამოყვანილი ყველა შედეგი და ა. შ. ამასთან მიიღება ახალი ცოდნაც როგორც დედუქციური თეორიის შედეგთა სიმრავლე და როგორც დედუქციურად აგებული თეორიის შესაძლო ინტერპრეტაციების ერთობლიობა. დედუქციური სისტემების (თეორიების) ორგანიზაციის ზოგადი სქემა მოიცავს: 1) ამოსავალ ბაზისს, ე. ი. ამოსავალი ტერმინებისა და მსჯელობების ერთობლიობას; 2) გამოყენებულ ლოგიკურ საშუალებებს (დასკვნისა და განსაზღვრების წესებს); 3) გამომდინარე მტკიცებათა (წინადადებათა) ერთობლიობას, რომლებიც მიიღებიან (1) – საგან (2) – ის გამოყენებით. ამგვარი თეორიების გამოკვლევისას ხდება გაანალიზება მათ ცალკეულ კომპონენტთა ურთიერთმიმართებისა, რომლებიც აბსტრაჰირებული არიან ცოდნის გენეზისისა და განვითარებისაგან, ამიტომ მიზანშეწონილია ისინი განვიხილოთ როგორც თავისებური ფორმალიზებული ენები. ეს ენები შეიძლება გავაანალიზოთ ან სინტაქსური (როცა შეისწავლება ენაში შემავალ ნიშნებსა და გამოთქმებს შორის მიმართება, მათი ენისმიღმური მნიშვნელობის გაუთვალისწინებლად), ან სემანტიკური (როცა სისტემის ნიშნებისა და გამოთქმების დამოკიდებულება განიხილება მათი მნიშვნელობის თვალსაზრისით) ასპექტებით. დედუქციური სისტემები იყოფიან აქსიომურ (აქსიომატური მეთოდი) და კონსტრუქციულ (კონსტრუქციული მეთოდი) სისტემებად. დედუქციური მეთოდი ცდასა და ექსპერიმენტზე დაფუძნებულ ცოდნაში გამოყენებისას გვევლინება როგორც ჰიპოთეზურ – დედუქციური მეთოდი. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook