გულის (კარდიული) ასთმა

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გულის (კარდიული) ასთმა – მოხრჩობის შეგრძნება, რომელიც ვითარდება მწვავე მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობის შედეგად. გულის ასთმა ვითარდება სხვადასხვა დაავადებების დროს, რომლებიც ხასიათდებიან მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის დაზიანებით (მაგალითად ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ჰიპერტონიული დაავადება, მწვავე ნეფრიტი), აგრეთვე მიტრალური მანკების დროს. ამასთან ერთად, მარცხენა პარკუჭის სისუსტის გამო, როგორც წესი, ვითარდება შეგუბება ფილტვების სისხლძარღვებში, ფილტვების ინტერსტიციალურ შეშუპებასთან ერთად. პარალელურად ზიანდება ცნს – ის ფუნქცია, რაც გამოიხატება სასუნთქი ცენტრის აგზნებით. იშვიათად, აღნიშნულ მდგომარეობას თან სდევს ზომიერი ბრონქოსპაზმი. გულის ასთმის შეტევები შეიძლება განვითარდეს, როგორც გულის ქრონიკული უკმარისობის ფონზე, ასევე მწვავედ, ფილტვებში ქრონიკული შეგუბებითი ნიშნების არარსებობის პირობებშიც. სიმპტომები. როგორც წესი, გულის ასთმის შეტევები უვითარდებათ იმ ავადმყოფებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ გულის, განსაკუთრებით კი მისი მარცხენა ნაწილის დაზიანება. დამახასიათებელია მოხრჩობის შეტევების განვითარება; ავადმყოფი ზის და ხელებით ეყრდნობა საწოლის კიდეს. ჩვეულებრივ ადგილი აქვს ხველას უმნიშვნელო სეროზული ნახველის გამოყოფით. ზოგჯერ ავადმყოფი აგზნებულია,  აქვს სიკვდილის შიში. ობიექტურად ვლინდება სიფერმკრთალე, ციანოზი, კისრის ვენების გაფართოება; სუნთქვა ხშირდება, ფილტვების აუსკულტაციისას მოისმინება სუნთქვის გაძნელება (როგორც ჩასუნთქვის, ისე ამოსუნთქვისას), სხვადასხვაგვარი სველი ხიხინები (უპირატესად ქვედა წილებში). გულის  ტონები მოყრუებულია, ზოგჯერ ისმის ჭენების რიტმი; შეტევა შესაძლოა გადაიზარდოს ფილტვების შეშუპებაში. არც თუ იშვიათად შეტევას ადგილი აქვს ღამით, ზოგჯერ მისი პროვოცირება ხდება ფიზიკური დატვირთვით, განსაკუთრებით გულის მიტრალური მანკის დროს. გულის ასთმის დიაგნოსტირებისას, აუცილებლად ყურადღება უნდა გამახვილდეს გულის სერიოზული ორგანული დაზიანების არსებობაზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ბრონქული ასთმის შეტევებთან. გულის ასთმა – ქოშინის შეტევა, მისული ხუთვამდე, რომელიც განპირობებულია გულის მარცხენა პარკუჭის უკმარისობით.

გაფრთხილება!