ელექტროდიაგნოსტიკა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელექტროდიაგნოსტიკა – (ელექტრო… და დიაგნოსტიკა), კუნთოვანი და ნერვული სისტემების ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრა კუნთებისა და მამოძრავებელი ნერვების გალვანური (მუდმივი) და ფარადეის (წყვეტილი ინდუქციური) დენებით გაღიზიანებაზე რეაქციის მიხედვით. ნორმალური მამოძრავებელი ნერვის გალვანური და ფარადეის დენებით გაღიზიანების საპასუხოდ შეიკუმშება ის კუნთი ან კუნთების ჯგუფი, რომლებსაც ნერვი ანერვიანებს; შეკუმშვის გამოწვევა უშუალოდ კუნთის გაღიზიანებითაც შეიძლება. ფრანგმა მკვლევარმა გ. დიუშენმა (1806 – 75) ადამიანის სხეულის ზედაპირზე აღმოაჩინა და აღწერა თითოეული ნერვისა და კუნთის ელექტრულად ყველაზე უფრო აგზნებადი პუნქტების შესატყვისი წერტილები. ყოველი ჯანმრთელი ნერვისა და კუნთის შეკუმშვის გამოსაწვევად საჭიროა დენის გარკვეული ძალა. დენის მინიმალურ ძალას რომელიც პირველ ხილულ შეკუმშვას იწვევს ზღურბლოვანი ძალა (ანუ ზღურბლი) ეწოდება. მამოძრავებელი ნერვის დაზიანების დროს ამ ნერვისა და მის მიერ ინერვირებული კუნთების რეაქციის ხასიათი იცვლება, თუ დაავადება შორს წასული არ არის, აღინიშნება ზღურბლოვანი ძალის უმნიშვნელო მომატება. რაც უფრო მეტადაა დაზიანებული ნერვი, მით უფრო მაღალია დენის ძალის ზღურბლი. თუ ნერვი ნებისმიერი ძალის დენით გაღიზიანებაზე რეაქციას აღარ იძლევა, ეს მისი სიკვდილის მაჩვენებელია. იმის მიხედვით, თუ როგორია დენის ძალის ზღურბლი, კუნთებისა და მათი მამოძრავებელი ნერვის ელექტროდენით გაღიზიანებაზე რეაქცია, განსაზღვრავენ ნერვის დაზიანების სიმძიმეს, დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის შედეგებს. [“1”] ელექტროდიაგნოსტიკა – ელექტრული დენის გამოყენებით წარმოებულ გაღიზიანებაზე კუნთოვანი და ნერვული სისტემების საპასუხო რეაქციების მიხედვით მათი ფუნქციონალური მდგომარეობის განსაზღვრა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა