ინტერფაზა – (interphasis ლათ.inter – შორის; სინ. ინტერმიტოზი, მიტოზშორის პერიოდი, სიმშვიდის სტადია, მეტაბოლური სტადია) დროის შუალედი ორ მიტოზურ გაყოფას შორის. ამ პერიოდში უჯრედი მოქმედ მდგომარეობაშია და ასრულებს მისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს. ინტერფაზის დროს ხორციელდება უჯრედის მემკვიდრეობითი ინფორმაციის რეალიზაცია, რაც ვლინდება სპეციფიკური ცილების სინთეზით და ციტოპლაზმაში სპეციალიზებული სტრუქტურების წარმოქმნით, რომლებიც უჯრედის ფუნქციურ სპეციალიზაციას შეესაბამებიან. ინტერფაზაში უჯრედების მიტოზური გაყოფის წინ მიმდინარეობს მომზადება, რომლის მთავარი მოვლენებია ცენტრიოლებისა და დნმ – ს რედუპლიკაცია. დნმ – ს სინთეზის აქტივობის მიხედვით ინტერფაზა იყოფა სამ პერიოდად: 1. პრესინთეზურად, რომლის დროს დნმ – ს სინთეზი არ ხდება. ამ პერიოდს უწოდებენ აგრეთვე პოსტმიტოზურს, რადგანაც ის მაშინვე სდევს თან წინა მიტოზს, ანუ G1 პერიოდს (ინგ. პფზ – შუალედი); 2. სინთეზურად – დნმ – ის სინთეზის, ანუ S პერიოდი. მას უჭირავს ინტერფაზის შუა პერიოდი და გრძელდება დაახლოებით 8 საათს; 3. პოსტსინთეზურად,რომლის განმავლობაში დნმ – ს სინთეზი ისევ არ ხდება, უჯრედი კი ემზადება უშუალოდ მიტოზისათვის. ამ პერიოდს უწოდებენ აგრეთვე პრემიტოზურს, ანუ G2 პერიოდს. ამ პერიოდებისა და მთელი ინტერფაზის ხანგრძლივობა სხვადასხვა უჯრედში ვარირებს. ტერმინი „ინტერფაზა“ შემოიღო (1912) ლუნდერგარდენმა. ტერმინი „ინტერკინეზი“, რომელსაც არც თუ იშვიათად ხმარობენ „ინტერფაზის“ სინონიმად, უმჯობესია დავტოვოთ მხოლოდ მეიოზის პირველ და მეორე გაყოფებს შორის დროის შუალედური სტადიის აღსანიშნავად. არჩევენ ავტოსინთეზურ და ჰეტეროსინთეზურ ინტერფაზებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – უჯრედის სასიცოცხლო ციკლის სტადია ორ ერთმანეთის მომდევნო მიტოზურ დაყოფას შორის.(2)
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.