კარდიოგენური შოკი

კარდიოგენური შოკი

კარდიოგენური შოკი –  ეტიოლოგია, პათოგენეზი,  კლინიკური სურათი, ტიპები,  მკურნალობა >>>

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

კარდიოგენური შოკი – შოკი, რომელიც ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე, გულზე ოპერაციისას და ა. შ.; ხასიათდება არტერიული ჰიპოტენზიით (სისტოლური არტერიული წნევა 80 – 90 მმ.ვწყ. სვ), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლით, შარდის გამოყოფის შემცირებით, ცნობიერების დარღვევით

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

კარდიოგენური შოკი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის უკიდურესი გამოვლინებაა, რომელიც ხასიათდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებით (გულის დარტყმითი და  წუთმოცულობის შემცირებით) და განაპირობებს ყველა ორგანოსა და ქსოვილის, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების არაადექვატურ სისხლმომარაგებას.

კარდიოგენური შოკი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

როგორც წესი კარდიოგენური შოკი ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, როდესაც დაზიანებულია გულის კუნთის 40%-ზე მეტი. გარდა მიოკარდიუმის ინფარქტისა კარდიოგენური შოკის მიზეზი შეიძლება გახდეს: მწვავე მიოკარდიტი, მწვავედ განვითარებული აორტული  ან მიტრალური სტენოზი და უკმარისობა, არითმია.

განასხვავებენ რეფლექტორულ, ჭეშმარიტ და არითმიულ კარდიოგენურ შოკს.

ჭეშმარიტი კარდიოგენური შოკი მიოკარდიუმის დიდი ზომის  ინფარქტის დროს ვითარდება და განპირობებულია მარცხენა პარკუჭის კუმშვითი ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებით, რასაც  ემატება მიოკარდიუმის იშემიის გამაძლიერებელი ფაქტორები.  გულის წუთმოცულობის შემცირება განაპირობებს არტერიული წნევის ვარდნას, გულის რითმის კომპენსატორულ გახშირებას, რაც კიდევ უფრო ზრდის მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილებას და აღრმავებს იშემიას.

გარდა ამისა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ძლიერი ტკივილის გამო აღინიშნება არტერიული წნევის ვარდნა, რის გამოც შეიძლება განვითარდეს რეფლექტორული შოკი. არითმიული შოკი  პარკუჭების კუმშვის სიხშირის ცვლილებებით, გაიშვიათებით ან გახშირებითაა განპირობებული.

კარდიოგენური შოკი – კლინიკური სურათი

კარდიოგენური შოკის დროს სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება ზღვარს ქვემოთ განაპირობებს სხვადასხვა ორგანოების სისხლმომარაგების დაქვეითებას, რაც ვლინდება შესაბამისი სიმპტომებით. ვლინდება ტაქიკარდია, სუსტი ძაფისებრი პულსი, ტაქიპნოე, ჰიპერვენტილაციისა და ჰიპოქსიის გამო აღინიშნება დაღლილობა, ცერებრული პერფუზიის დარღვევა იწვევს მენტალური სტატუსის შეცვლას, მოუსვენრობას, კანი იღებს მარმარილოსებრ ელფერს, გაზრდილი ვენური წნევა განაპირობებს საუღლე ვენების შებერვას. თირკმლების სისხლმომარაგების დაქვეითება ვლინდება  ოლიგურიით, შეიძლება განვითარდეს თირკმლისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობა. მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დაქვეითება იწვვეს ფილტვების შეშუპებას, რაც საფრთხეს უქმნის ავადმყოფის სიცოცხლეს.

კარდიოგენური შოკისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისას უნდა გამოირიცხოს არტერიული ჰიპოტენზიის ისეთი მიზეზები, როგორიცაა: ჰიპოვოლემია, ვაზოვაგალური სინდრომი, ელექტროლიტური დარღვევები (მაგ. ჰიპონატრიემია) მედიკამენტების გვერდითი რეაქცია.

კარდიოგენური შოკი  – მკურნალობა

კარდიოგენური შოკი გადაუდებელ მდგომარეობას წარმოადგენს და საჭიროებს სასწრაფო სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას. მკურნალობის მთავარი მიზანი არტერიული წნევის მომატებაა. გამოიყენება მედიკამენტები (დობუტამინი, დოფამინი, ნორადრენალინი), რომლებიც ზრდიან მიოკარდიუმის კუმშვით ფუნქციას. კარდიოგენური შოკის მედიკამენტური თერაპიის უეფექტობის დროს ტარდება ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაცია. აორტაში ხდება ბალონური კონტრპულსატორის შეყვანა, რომლის პერიოდული გაბერვა- ჩაფუშვით გულის ციკლის ფაზებთან შესაბამისად,  ხდება გულის ტუმბო ფუნქციის დროებითი შენარჩუნება. პარკუჭების შეკუმშვის დასაწყისში ბალონის ჩაფუშვა იწვვეს აორტაში წნევის დაქვეითებასა და პოსტდატვირთვის შემცირებას, რაც აიოლებს  სისხლის გადასვლას აორტაში და შესაბამისად აუმჯობესებს გულისა და სხვა ორგანოების სისხლმომარაგებას.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველი 4-8 საათის განმავლობაში არტერიების გამავლობის აღდგენა არამარტო ხელს უწყობს მიოკარდიუმის იშემიის აღმოფხვრას, არამედ თავიდან აგვაცილებს კარდიოგენური შოკის განვითარებას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988