კრეიტცფელდ – იაკობის დაავადება

კრეიტცფელდ – იაკობის დაავადება – (H. G. Creutzfeldt, გერმ. ნევროლოგი და ფსიქიატრი; A. Jakob, გერმ. ნევროლოგი; სინ.: სპასტიკური ფსევდოსკლეროზი, კორტიკო – სტრიოსპინალური დეგენერაციის სინდრომი) დიდი ტვინის ქერქის, ბაზალური განგლიებისა და ზურგის ტვინის პროგრესირებადი დისტროფული დაავადება. ეს დაავადება პირველად აღწერა კრეიტცფელდტმა, შემდგომში კი იაკობმა მიუთითა ფსიქიკური დარღვევების შერწყმაზე ზურგის ტვინის წინა ფესვების, ექსტრაპირამიდული და პირამიდული სისტემების დაზიანების სიმპტომებთან და დაავადება განსაზღვრა როგორც სპასტიკური ფსევდოსკლეროზი ან ენცეფალოპათია, დეგენერაციის დისემინირებული კერებით. დაავადება ვითარდება 30 – 60 წლის ასაკში. მამაკაცები და ქალები ავადდებიან ერთნაირი სიხშირით. კლინიკური სიმპტომები მეტად ვარიაბელურია და დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. პროდრომულ, პირველ სტადიაში პირველ პლანზე გამოდის ფსიქიკის დარღვევები. ავადმყოფები უინიციატივონი, ინერტულნი არიან; მეორე სტადიაში მოძრაობითი და ფსიქიკური დარღვევები მატულობს. ღრმა დემენცია შერწყმულია კიდურების გენერალიზებულ პარეზებთან, ექსტრაპირამიდულ დარღვევებთან და სხვ. მესამე ტერმინალურ სტადიაში ვითარდება ღრმა ჭკუასუსტობა. ავადმყოფი ვარდება პროსტრაციაში, არ რეაგირებს გარემოზე, დეზორიენტირებულია სივრცესა და დროში; სიკვდილი დგება ღრმა დემენციის, დეცერებრაციული რიგიდობის, კრუნჩხვების და კომატოზური მდგომარებებისას. დაავადების მიმდინარეობა პროგრედიენტულია, ხანგრძლივობა 2 – დან 12 წლამდეა.  კლინიკურ სურათში სჭარბობს ნევროლოგიური ნიშნები: სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, აპათია, ავადმყოფი კარგავს ლაპარაკის, მოძრაობის, საკვების მიღების უნარს. პროგნოზი – უიმედოა. მორფოლოგიურად ადგილი აქვს თავის ტვინის ქერქის გენერალიზებულ ატროფიას. სინონიმი: იაკობ – კრეიტცფელდის დაავადება. [“3”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.