მიტოზური ანუ უჯრედული ციკლი

მიტოზური ანუ უჯრედული ციკლი – (cyclus mitoticus seu cellularis) გაყოფისათვის მოსამზადებელი (მიტოზის წინა ინტერფაზის დროს) და საკუთრივ მიტოზის დროს უჯრედში მიმდინარე პროცესების ერთობლიობა. მაშასადამე, მიტოზური ციკლი შეიცავს ინტერფაზის ნაწილსა და მის დამაბოლოებელ მიტოზს. გაყოფისათვის მომზადება გამოიხატება უჯრედის ცენტრების გაორებასა და დნმ – ის რედუპლიკაციაში. დნმ – ის სინთეზის აქტივობის მიხედვით მიტოზური ციკლის ინტერფაზის პერიოდი იყოფა სამ პერიოდად, რომელთაც ეწოდება პრესინთეზური, სინთეზური და პოსტსინთეზური. პირობითად ეს პერიოდები აღინიშნება C1 – ით, S – და G2 – ით. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ინტერფაზა. მიტოზურ ციკლში თვით მიტოზს დროის მიხედვით უჭირავს შედარებით მცირე ადგილი. ზოგიერთი მკვლევარი მიტოზის ციკლში რთავს მხოლოდ S, G2 პერიოდებსა და მიტოზს ე.წ.სასიცოცხლო ციკლისაგან განსხვავებით, რომელიც შედგება M+G1+S+G2 – საგან. ვარაუდობენ, რომ მიტოზურ ციკლს საფუძვლად უდევს ქრომოსომების სპირალიზაციისა და დესპირალიზაციის პროცესი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.