მწვავე ნეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მწვავე ნეფრიტი – დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის გორგლებში ანთებითი ხასიათის ცვლილებებით. ვითარდება იმუნური დარღვევების შედეგად. ჩვეულებრივ თავდაპირველად გამოვლინდება გადატანილი მწვავე ინფექციის შემდეგ (ანგინა, ფარინგიტი). დაავადებას ადგილი აქვს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირად ახალგაზრდა მამაკაცებში და ბავშვებში. სიმპტომები. ავადმყოფთა ნაწილს აღენიშნება თითქმის უსიმპტომო მიმდინარეობა, ნაწილს კი გამოხატული დარღვევები. ზოგჯერ თვითონ ავადმყოფი აღნიშნავს ე.წ. “ხორცის ნარეცხის” ფერი შარდის არსებობას, შეშუპებებს სახეზე, თვალების ქვეშ, რაც სახეს აძლევს დამახასიათებელ შეხედულებას. სისხლის არტერიული წნევა მომატებულია, ზოგჯერ ვითარდება ენცეფალოპათია კრუნჩხვებით და გონების დაკარგვით, მხედველობის დაქვეითება. არტერიული ჰიპერტონია და მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდა (“სისხლის შეშუპება”) შესაძლებელია გართულდეს გულის უკმარისობით კარდიული ასთმის შეტევებთან ერთად. რიგ შემთხვევებში ვითარდება თირკმლის მწვავე უკმარისობა (იხ.). შარდის გამოკვლევისას მასში ჩნდება ცილა, ჰიალინური და მარცვლოვანი ცილინდრები, ახალი და გამოტუტებული ერითროციტები. ჰემატურია (შარდში დიდი რაოდენობით ერითროციტები) შარდს აძლევს “ხორცის ნარეცხის” ფერს. ჰემატურიის გორგლოვან წარმოშობას ადასტურებს გამოტუტებული ერითროციტების არსებობა. მწვავე ნეფრიტი მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა შესაძლებელია გადასვლა ქრონიკულ ფორმაში. ამის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნებულია ჰიპერტონია, შეშუპებები ან პროტეინურია 1 გ/ლ – ზე მეტი, პროტეინურიის და ჰემატურიის შერწყმა. ქვემწვავე ნეფრიტი (ექსტრაკაპილარული ან ავთვისებიანი) მიმდინარეობა არტერიული წნევის მაღალი ციფრებით, გამოხატული შეშუპებებით, ჰიპერქოლესტერინემიით, შარდში ცვლილებებით (მნიშვნელოვანი პროტეინურია, ჰემატურია). დაავადება სწრაფად პროგრესირებს თირკმლის ან გულის უკმარისობის განვითარებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა