მხედველობის ნერვის ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მხედველობის ნერვის ნევრიტი – მხედველობის ნერვის ანთებითი დაზიანება. მიზეზები შესაძლოა იყოს გაფანტული სკლეროზი, პოსტინფექციური ან პოსტვაქცინური ენცეფალომიელიტი, მეთილის სპირტით ან ტყვიით მოწამვლა. კლინიკურად ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, მხედველობის ველის ცენტრალური დეფექტით, ტკივილით თვალის კაკალში, თავის ტკივილით დაზიანებულ მხარეზე. ნევრიტის გამოსავალი შესაძლოა იყოს სრული აღდგენა ან ნერვის ბოჭკოების ნაწილობრივი დეგენერაცია. 2. მხედველობოს ნერვის ანთება (თვალის დაავ.) – ეტიოლოგია. მწვავე და ქრონიკული ინფექციები (გრიპი, ანგინა, ჰერპესის ვირუსი, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, წითელი ქარი და სხ.), ზოგადი დაავადებები (დიაბეტი, ნეფრიტი, სისხლის დაავადებები და სხ.), თავის ტვინის და მისი გარსების ყველა ანთებითი დაავადება, გაფანტული სკლეროზი, კეროვანი ანთებითი პროცესები (სინუსიტი, ოტიტი), თვალბუდის და ორბიტის დაავადებები, ინტოქსიკაციები. სიმპტომები. დაავადება ხშირად იწყება მწვავედ. მხედველობა ქვეითდება, აღინიშნება მხედველობის ველის კონცენტრირებული შევიწროება, ზოგჯერ მტკივნეულობა თვალების მოძრაობების, მათზე ზეწოლის დროს. ოფთალმოსკოპიურად ვლინდება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება და ჰიპერემია, მისი საზღვრების გაქრობა, ბადურას ვენების გაფართოება, დისკზე და პერიპაპილარულ ზონაში სისხლჩაქცევა, წითელ ფერზე მხედველობის ველის საზღვრების შევიწროება. დაავადება ხშირად აზიანებს ორივე თვალს, გრძელდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე, შეიძლება დასრულდეს მხედველობის ნერვის ატროფიით.