ნახველი

ნახველი წარმოადგენს პათოლოგიურ სეკრეტს, რომელიც სასუნთქი გზებიდან გამოიყოფა ხველის შედეგად. მნიშვნელოვანია ნახველის გამოკვლევისათვის შეგროვების წესების დაცვა: ნახველის შეგროვება ხდება დილის საათებში (საკვების მიღებამდე), პირის ღრუს და ყელის კარგად გამოვლების შემდეგ, სუფთა, მშრალ მინის ქილაში ან პეტრის ჯამში.

ნახველის კლინიკური გამოკვლევა მოიცავს: დათვალიერებას, რაოდენობის გაზომვას, ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესწავლას, მიკროსკოპირებას, ბაქტერიოსკოპირებას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ბაქტეროლოგიურ და ციტოლოგიურ გამოკვლევებს.

მაკროსკოპული გამოკვლევის დროს, ყურადღებას ამახვილებენ ნახველის ხასიათზე, მის რაოდენობაზე, ფერზე, სუნზე, კონსისტენციაზე, სხვადასხვა ტიპის ჩანართებზე.

ნახველის ხასიათი განისაზღვრება მისი შედგენილობით.

ლორწოვანი ნახველი – შედგება ლორწოსაგან, რომელიც სასუნთქი გზების ლორწოვანი ჯირკვლების პროდუქტს წარმოადგენს. გამოიყოფა მწვავე ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების კატარის, ბრონქიალური ასთმის შეტევის შემთხვევებში.

ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი, არის ლორწოს და ჩირქის ნარევი, ჭარბობს ლორწო, ხოლო ჩირქი ჩართულია გუნდების ან ნადების სახით. შეინიშნება ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოპნევმონიის შემთხვევებში.

ჩირქოვან-ლორწოვანი ნახველი, შეიცავს ჩირქს და ლორწოს. ჭარბობს ჩირქი. ლორწოს გამოიყურება ღვედის სახით. ვითარდება ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზიის, მააბცესირებელი პნევმონიის და ა.შ. შემთხვევებში.

ჩირქოვანი ნახველი ლორწოს არ შეიცავს. ვლინდება ბრონქებში ფილტვების აბსცესის გახსნის შემთხვევაში, ბრონქის ღრუში პლევრის ემპიემისას, პლევრის გახევის დროს.

ლორწოვან-სისხლიანი ნახველი, ძირითადად შედგება ლორწოსაგან და სისხლის წვეთების ან სისხლის პიგმენტისაგან. აღინიშნება ბრონქოგენური კიბოს შემთხვევაში, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ზედა სასუნთქი გზების კატარის, ასევე პნევმონიის შემთხვევაში.

ლორწოვან-ჩირქოვან-სისხლიანი ნახველი, შეიცავს ლორწოს, ჩირქსა და სისხლს, რომლებიც ერთმანეთში თანაბრად არის შერეული. ვლინდება ბრონქოექტაზიის, ტუბერკულოზის, ფილტვების აქტინომიკოზის, ბრონქოგენური კიბოს შემთხვევებში.

სისხლიანი ნახველი, შეინიშნება ფილტვებიდან სისხლდენისას (ტუბერკულოზი, ფილტვების ჭრილობა, ფილტვების და ბრონქების სიმსივნე, აქტინომიკოზი).

სერიოზული სისხლიანი ნახველი, ახასიათებს ფილტვების შეშუპებას (მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, მიტრალური სტენოზი), რომელიც გადაინაცვლებს ბრონქული ღრუს სისხლის პლაზმაში.

კონსისტენცია მჭიდროდ არის დაკავშირებული  ნახველის ტიპთან და შეიძლება იყოს ბლანტი, სქელი, თხევადი. სიბლანტე დამოკიდებულია ლორწოს შემცველობაზე და ფორმიან ელემენტებზე (ლეიკოციტები, ეპითელი).

ფერი და გამჭვირვალეობა დამოკიდებულია ნახველზე თუ რომელი კომპონენტია მასში ჭარბად წარმოდგენილი. ერთ-ერთი სუბსტრატის (ლორწო, ჩირქი) სიჭარბე ნახველს აძლევს შესაბამის იერს. ლორწოვანი ნახველი სარკისებურია, გამჭირვალე; ლორწოვან-ჩირქოვანი – სარკისებურია ყვითელი ელფერით; ჩირქოვან-ლორწოვანი –  მომწვანო-ყვითელია; ჩირქოვანი ნახველი – ყვითელი-მწვანეა; ლორწოვან-სისხლიანი ნახველი სარკისებურია, ვარდისფერი ან ჟანგისფერი ელფერით; ლორწოვან-ჩირქოვან-სიხლიანი ნახველი სარკისებურია, ყვითელი ბურთულებით, მოწითალო ღვედისებური წარმონაქმნებით ან ჟანგისფერი ელფერით.  ფილტვების შეშუპებისას გამოიყოფა – თხევადი, გამჭირვალე-ყვითელი, ოპალესცირებადი გამონაყოფი, რომელიც ქაფისებურია, მასში არსებული პლაზმის ცილების გამო. ფილტვების სისხლდენისას გამოიყოფა – თხევადი, წითელი ფერის  ქაფი (მასში ჰაერის ბუშტუკების არსებობის გამო). ფილტვების ავთვისებიანი სიმსივნეების დაშლისას, ფილტვებში ზოგჯერ შეინიშნება  „ჟოლოს ჟელეს“ მსგავსი გარეგნობის ნახველი.

სუნი შეინიშნება ნახველის ბრონქებში ან ფილტვებში შეყოვნების გამო და გამოწვეულია ანაერობული ბაქტერიების მოქმედებით, ცილების დაშლით. შედეგად წარმოიქმნება ინდოლი, სკატოლი და გოგირდწყალბადი.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.