სპილოვნება (ელეფანტიაზი)

სპილოვნება (ელეფანტიაზი) – (ბერძ. Elephas – სპილო)  კლინიკური სინდრომი – უპირატესად ქვედა კიდურების მოცულობის მნიშვნელოვანი გადიდება მყარი ლიმფოსტაზის შედეგად. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენლი. ხასიათდება ქრონიკული შეშუპებით, რომელიც მატულობს საღამოობით, რის შედეგადაც ვითარდება კანის შეუქცევადი ცვლილებები. მკურნალობა: კიდურების ელასტიური შებინდვა, მასაჟი, ფიზიოთერაპია; შესაძლებელია ქირურგიული ჩარევაც – ლიმფოვენური ანასტომოზების ფორმირება. 2.  (ქირურგ.) კანის და კანქვეშა ქსოვილის ქრონიკულად განვითარებული შესქელება, რასაც თან სდევს ლიმფის მკვეთრად გამოხატული შეგუბება. ლიმფის ქრონიკული შეგუბების მიზეზს წარმოადგენს კანის და კანქვეშა ქსოვილის ხშირად განმეორებადი ანთებები, წითელი ქარი, ლიმფადენიტები, კიბოს მეტასტაზები რეგიონალური ლიმფურ კვანძებში. სიმპტომები. მიმდინარეობა. მთელი კიდური მოცულობაში მკვეთრად გაზრდილია, კანი შესქელებული, ვითარდება უხეში ნაკეცები, ცალკეულ უბნებზე ჩნდება ეგზემური გამონაყარი, ქერქები. მკურნალობა. დაავადების საწყის სტადიაში გამოიყენება სითბური პროცედურები, სისტემური მსუბუქი მასაჟი, კიდურის შემაღლებული მდგომარეობა, ელასტიური ბინტის ნახვევი. მძიმე შემთხვევებში რეკომენდირებულია ოპერაციული მკურნალობა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი