ტაბეს დორსალის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტაბეს დორსალის – (tabes dorsalis; სინ.: ზურგის ტვინის ტაბესი, დიუშენის პროგრესირებადი ლოკომოტორული ატაქსია)გვიანი პროგრესირებადი ნეიროსიფილისის ერთ  –  ერთი ფორმა. სიფილისით დასნებოვნებიდან ზურგის ტვინის ტაბესის პირველი კლინიკურ გამოვლინებებამდე პერიოდი შეადგენს 6 – დან 30 წლამდე (ხშირად 10 – 15 წელი). განასხვავებენ დაავადების განვითარების საწყის სტადიას, გამოხატულს (ატაქსიურს) და და საბოლოო სტადიას (პარალიზურს). ტაბეს დორსალისის ადრეული სიმპტომია პარესთეზიები და ტაბესური ტკივილები. ტკივილები ხშირად აღინიშნება ფეხებში, თუმცა მას შესაძლოა ჰქონდეს ვისცერული კრიზის ხასიათი. საწყისი სტადიის თითქმის მუდმივი სიმპტომია მენჯის ორგანოთა ფუნქციის დარღვევები. მეორე სტადიაში მგძნობელობის გამტართა პროგრესული დეგენერაციის გამო მატულობს ატაქსია (განსაკუთრებით ფეხებში), ქრება მუხლის და აქილევსის რეფლექსები, ვითარდება კუნთოვანი ჰიპოტონია; იცვლება სიარული მანერა. ამ სტადიაში მენჯის ორგანოთა ფუნქციის დარღვევები გამოიხატება შარდისა და განავლის შეუკავებლობით. დაავადების საბოლოო სტადიაში კუნთების ატაქსია და ჰიპოტონია ძლიერდება, ზოგჯერ იმდენად, რომ ავადმყოფს აღარ შეუძლია სიარული. ვითარდება ტროფიკული დარღვევები: აღინიშნება ტერფის, იშვიათად ხელისგულების, ცხვირის ფრთების, რბილი სასის  უმტკივნეულო, ტროფიკული წყლულები; ავადმყოფებს უვითარდებათ ართროპათიები, იშვიათად ხერხემლის ართროპათია. გვიან საბოლოო სტადიაში ვითარდება ფსიქიკური აშლილობები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა