ტაკაიასუს დაავადება (აორტო – არტერიიტი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტაკაიასუს დაავადება (აორტო – არტერიიტი) – სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება აორტისა და მისგან გამომავალი ტოტების ანთებით, მათი ნაწილობრივი ან სრული ობლიტერაციის განვითარებით; შესაძლოა დაზიანდეს აორტის სხვა ნაწილებიც. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზში წამყვანი ადგილი მიეკუთვნება იმუნურ დარღვევებს, დაზიანებული სისხლძარღვის კედლის ქრონიკული იმუნოკომპლექსური ანთების განვითარებით. ავადდებიან უპირატესად ახალგაზრდა ქალები. სიმპტომები, მიმდინარეობა. თანდათანობით მატულობს დაზიანებული სისხლძარღვების ზონაში სისხლის მიმოქცევის მოშლის ნიშნები. ძირითადი სიმპტომია  –  პულსის არარსებობა ერთ ან ორივე ხელზე, იშვიათად საძილე, ლავიწქვეშა, საფეთქლის არტერიებზე. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს და პარესთეზიებს კიდურებში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, სისუსტეს ხელებში, თავბრუსხვევის შეტევებს. ოფთალმოსკოპიის დროს ვლინდება თვალის ფსკერის სისხლძარღვების ცვლილებები (შევიწროება, არტერიოვენური ანასტომოზების წარმოქმნა და სხვ.). ხშირად პროცესში ერთვება კორონარული არტერიები, შესაბამისი სიმპტომატიკით. მუცლის აორტის დაზიანება თირკმლის სისხლძარღვებთან ერთად მიმდინარეობს ვაზორენალური ჰიპერტენზიის კლინიკით. დაავადების ზოგადი ნიშნებია  –  სუბფებრილიტეტი, ასთენიზაცია. ლაბორატორიული მაჩვენებლები ნაკლებად იცვლება. დაავადება ნელა პროგრესირებს, აქვს პერიოდული გამწვავებები, ვლინდება ამა თუ იმ უბნის იშემიის ნიშნებით. დაავადების ადრეულ ეტაპებზე დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს არტერიოგრაფია. 2. ტაკაიასუს სინდრომი – (პულსის არარასების სინდრომი)   აორტის რკალის კედლის დეგენერაციული ან ანთებითი დაავადება: ათეროსკლეროზი, აორტოარტერიიტი ან აორტის სარქველზედა სტენოზი, აორტის რკალიდან გამომავალი მსხვილი სისხლძარღვების სტენოზირებითა და ობლიტერაციით. ავადდებიან უპირატესად ქალები 25  –  50 წლის ასაკში. დამახასიათებელია ინტერმისიული ნევროლოგიური სიმპტომების კომბინირება ხელზე ,,ხანგამოშვებით კოჭლობასთან”. გამოხატული კლინიკური სურათის დროს პულსი არ არსებობს კისერზე და ორივე ხელზე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ადგილი აქვს მხოლოდ არტერიული წნევის სხვაობას ხელებზე და ფეხებზე. მკურნალობა ოპერაციულია  –  სისხლმიმოქცევის აღდგენა ენდარტერექტომიით ან სისხლძარღვის სეგმენტური რეზექციით, ალოპროთეზირებით.

გაფრთხილება!