ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
უჯრედის ბირთვი – (nucleus cellulae სინ.caryon) – უჯრედის ძირითადი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს მათ რეპროდუქციას, გენეტიკურ დეტერმინაციას და ცილის სინთეზის რეგულაციას. უჯრედის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის მოქმედებასთანაა დაკავშირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა. გარეგნულად ბირთვი უფრო ხშირად მომრგვალო სხეულია, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემოკრულია ციტოპლაზმით. იგი შედგება ბირთვის გარსის ანუ მემბრანის – კარიოლემის (სფკნწდუქქფ), ქრომატინის, ბირთვაკისა (ან ბირთვაკების) და კარიოლიმფისაგან (caryoplasma – nucleoplasma). მიუხედავად იმისა, რომ უჯრედის ბირთვის შესწავლას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს (პირველად ის აღმოაჩინა 1831 წელს ბროუნმა), ბირთვის სტრუქტურის ზოგიერთი საკითხი არასაკმაოდაა გამოკვლეული. ქრომოსომათა უწყვეტობის თეორიის მომხრე მკვლევართა აზრით, უჯრედთა ბირთვების შემადგენლობაში ყოველთვის არის ქრომოსომები, რომლებიც გადიან სპირალიზაციისა (მიტოზის დროს) და დესპირალიზაციის (მიტოზშუა პერიოდში) ციკლს. ამასთან დაკავშირებით, ბელარი ბირთვს განსაზღვრავს, როგორც „ციტოპლაზმით გარშემოკრულ წარმონაქმნს, რომლისგანაც გაყოფის დროს ქრომოსომები წარმოიქმნება“. ქრომოსომების უწყვეტი თეორიის გარდა, ლიტერატურაში არის მასალები, რომლებითაც დასაბუთებულია ქრომოსომების შესაძლებელი ახლადწარმოქმნა ქრომატინისაგან ყოველი ახალი უჯრედული გაყოფის დროს. უჯრედის ბირთვები არასდროს არ წარმოიქმნება ახლად; ისინი წარმოიქმნებიან თანამიმდევრობით წინათ არსებული ბირთვების გაყოფის (მიტოზური ან ამიტოზური) გზით. დაწვრილებით ბირთვის შემადგენელი ნაწილების სტრუქტურაზე იხ.შესაბამისი ტერმინები. . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა