ყბის მოტეხილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყბის მოტეხილობები – ყბის ძვლის მოტეხილობა მისი მთლიანობის დარღვევით. ეტიოლოგია. საყოფაცხოვრებო, სპორტული, ცეცხლნასროლი და სხვა სახის ტრავმები. პათოგენეზი. პათოლოგიური მოტეხილობები განპირობებულია სხვადასხვა დაავადებებით – ქრონიკული ოსტეომიელიტით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ფიბროზული ოსტიტით და სხვ. მოტეხილობები ჩვეულებრივ ღიაა. კლინიკური სურათი ვლინდება ტკივილის სინდრომით, ნატეხების გადანაცვლებით, მათი მოძრაობით, თანკბილვის ცვლილებით, მეტყველებისა და ღეჭვის დარღვევით, უხვი ნერწყვდენით. ალვეოლური მორჩის მოტეხილობის დროს ძირითადი სიმპტომია არტიკულაციის დარღვევა. მოტეხილობები შესაძლებელია გართულდეს ოსტეომიელიტით და ყბისახლო ფეგმონით. რენტგენოგრამით ზუსტდება მოტეხილობის ხასიათი და ლოკალიზაცია. კლინიკური გამოვლინებების თავისებურებებს განსაზღვრავს მოტეხილობის ლოკალიზაცია. ცეცხლნასროლ მოტეხილობას აქვს მრავალგვარი ლოკალიზაცია, ჩვეულებრივ შერწყმულია თვალის, ცხვირის, ქალას ძვლების ჭრილობებთან, ახლავს უხვი სისხლდენა ცხირიდან და პირიდან. შესაძლებელია სისხლის, პირნაღები მასების, კბილების ასპირაცია და სხვა გართულებები (ასფიქსიები, მენინგიტი). მკურნალობა ითვალისწინებს ნატეხების ჩასწორებას და მათ ფიქსაციას. ტრავმული ოსტეომიელიტის თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკები. პროგნოზი. ორდინარული მოტეხილობებისა და დროული მკურნალობის დროს ძვლის მთლიანობა და ყბის ფუნქცია აღდგება 3 – 4 კვირაში. ქვედა ყბის ტოტის, სასახსრე და საფეთქლის მორჩების მოტეხილობების შემდეგ ხშირია ფუნქციური დარღვევები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook