ფსიქოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქოპათიები – პიროვნების წყობის მყარი თანდაყოლილი თავისებურებები, რომლებიც  ეწინააღმდეგებიან გარემოსადმი სრულფასოვან ადაპტაციას. გამოყოფენ ასევე შეძენილ ფსიქოპათურ მდგომარეობებს ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებისა და სხვა დაავადებების შედეგად. ფსიქოპათებს ახასიათებთ არა მხოლოდ ხასიათის დისჰარმონიულობა, ასევე შედარებით მაღალი მგრძნობელობა რიგი შინაგანი, სომატოგენური, ფსიქოგენური და სოციალური ფაქტორების გავლენისადმი. ამ თვისებებითაა განპირობებული ფსიქოპათიების დინამიკის მრავალგვარობა, რომლის ძირითადი სახეებია ფაზები და  პათოლოგიური რეაქციები. არსებობს ფსიქოპათიების მრავალრიცხოვანი კლასიფიკაციები. შიზოიდური ფსიქოპათები  –  პირები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია განმარტოება, აუტიზმი; ისინი გაურბიან გრძნობების გამოვლინებას, არაიშვიათად მათთვის დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი, მშრალი და ოფიციალური დამოკიდებულება ადამიანებთან. მათ შორის გვხვდება ცივი, მკაცრი და სასტიკი  ნატურებიც კი. შიზოიდური ტემპერამენტის საფუძველია მაღალი მგძნობიარობისა და სიცივის შერწყმა (ფსიქოესთეტური პროპორცია).  ფსიქასთენიური ფსიქოპატებისათვის დამახასიათებელია მიდრეკილება ეჭვებისადმი, შინაგანი რწმენის არასებობა გრძნობების ჭეშმარიტებაში და საკუთარი განსჯისა და ქცევების სისწორეში, გადაუწყვეტობა ქცევის არჩევანში. ესენი არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებიც მუშაობაში ითვალისწინებენ ყოველგვარ დეტალს, არიან პედანტები. ასთენიური ფსიქოპათებისათვის დამახასიათებელია ზოგადი ნერვული სისუსტე, მოუხერხებლობა, მეტისმეტი მგრძნობიარობა და შთაბეჭდილიანობა; ასთენიკებისათვის გამორჩეული თავისებურებაა მომატებული გადაღლილობა. მუშაობის პროცესში, რომელიც მოითხოვს ძალების დაძაბვას, მათ უვითარდებათ გაფანტულობა, ერღვევათ ყურადღების კონცენტრაცია. აფექტური ფსიქოპათები  –  ციკლოიდური წრის პირები; არიან სალმიანები, კეთილმოსურნენი. მათთვის დამახასიათებელია ემოციური ლაბილობა, ხასიათის ცვლალებადობა. პარანოიალური ფსიქოპათები  –  ცალმხირივი, მაგრამ მყარი აფექტებით, არიან გაუხსნელნი, სასტიკნი და დესპოტურები, ეჭვიანები, მუდმივად ელიან ცუდს გარშემომყოფთაგან, მიდრეკილნი არიან ზეფასეული იდეებისადმი. თემატიკაზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ეჭვიანებს, რეფორმატორებს, რელიგიურ ფანატებს და სხვ.  ისტერიულ ფსიქოპათებს გამოარჩევს მისწრაფება იყვნენ უფრო მნიშვნელოვანნი, ვიდრე სინამდვილეში არიან; ისინი იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რათა აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში; ამაზე მიუთითებს არა მხოლოდ მათი ჩაცმულობის ექსცენტრულობა, არამედ ქცევის დეონსტრატიულობა. ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან ტრაბახისაკენ, გამოგონებებისაკენ, ტყუილებისადმი, გაუაზრებელი ქცევებისადმი, სხვადასხვა ავანტურებისადმი; მათში სჭარბობს კაპრიზულობა, სიჯიუტე, ასევე სხვადასხვა ვეგეტატიური და ისტერიული პაროქსიზმები (სპაზმები, აფონია, ხელის თითების ტრემორი და სხვ.).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა