ქრონიკული ლარინგიტი

ქრონიკული ლარინგიტი

ქრონიკული ლარინგიტი ვითარდება ხშირად მორეციდივე, მწვავე ლარინგიტის შედეგად, აგრეთვე აღინიშნება მწეველებში, ალკოჰოლიზმით დაავადებულ ავადმყოფებში, პირებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია პროფესიულ მავნებლობასთან (ხმის გადაძაბვა, ქიმიური წარმოება).

ქრონიკული ლარინგიტის სიმპტომები

ხმის ხრინწიანობა, სწრაფი გადაღლა, ყელში ღიტინის და ფხაჭნის შეგრძნება, რომელიც ხშირად იწვევს ამოხველებას. ხორხში აღინიშნება ჰიპერემია ლორწოვანი გარსის რუხი შეფერილობით, უპირატესად ხმის და კარისწინა (ცრუ ხმის იოგები) იოგების, მათი შეშუპება, შესქელება, ზოგჯერ ხმის იოგების არასრულად დახურვა. გვხვდება ხმის იოგების და სახაპავშორისი სივრცის პაქიდერმია (გარქოვანებადი ეპითელიუმის შემოსაზღვრული შესქელება) ან კვანძები აღნიშნულ იოგებზე. ვითარდება ატროფიული ფორმა სიმშრალით და ქერქების წარმოქმნით, რომელიც ჩვეულებრივ აზიანებს აგრეთვე ცხვირს და ხახას.

ქრონიკული ლარინგიტის მკურნალობა

ისეთი მიზეზ – ფაქტორების მოცილება, როგორებიცაა ხმის გადაძაბვა, თამბაქოს, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, პროფესიული მავნებლობები. ხორხის დამუშავება, ტუტოვან – ზეთოვანი ინჰალაციები, ხორხის დიათერმია და უმს – თერაპია, კლიმატური მკურნალობა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი