ჰიპერვენტილაციური სინდრომი

ჰიპერვენტილაციური სინდრომი

ჰიპერვენტილაციური სინდრომი, ჰიპერვენტილაციური სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი, ჰიპერვენტილაციური სინდრომი – კლინიკური სურათი, ჰიპერვენტილაციური სინდრომი – დიაგნოსტიკა, ჰიპერვენტილაციური სინდრომი – მკურნალობა >>>

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ჰიპერვენტილაციური სინდრომი – ამ სინდრომის ჩამოყალიბებაში (სხვადასხა სომატურ და ფსიქიკურ დაავადებათა დროს) მნიშვნელობა აქვს სუნთქვით ალკალოზს, ნევროლოგიურ დარღვევებს, რასაც იწვევს სისხლში ნახშირორჟანგის შემადგენლობის მერყეობა (მოფლუქტუირეჰიპოკაპნია). სინდრომის კრიტერიუმებია: ტაქიპნოე (60 – 70 წუთში, არა უმცირეს 3 წუთის მანძილზე), ნახშირორჟანგის პარციული წნევის დაქვეითება საწყისიდან არა ნაკლებ 66% – სა, 20 – 30 წუთის შემდეგ წარმოიქმნება ტვინის ჰიპოქსიის სიმპტომები, ტკივილი გულ – მკერდის არეში და ”სუნთქვითი შიმშილი”, თავბრუ, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, ტრემორი, ოფლიანობა, სიმშრალე პირში და სხვა. [“3”]

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ჰიპერვენტილაციური სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ჰიპერვენტილაციური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ხასაითდება ალვეოლარული ჰიპერვენტილაციით გამოწვეული სომატური და ფსიქიკური სიმპტომებით, რაც თავის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის რეგულაციის დარღვევის შედეგად.

ჰიპერვენტილაცია შეიძლება დახასიათდეს, როგორც პროცესი, რომლის დროსაც ფილტვების ვენტილაციაზე დახარჯული ენერგია აღემატება  ორგანიზმისათვის მიღებულ სარგებელს. ჰიპერვენტილაციისას სასუნთქი კუნთები მოიხმარს მიწოდებული ჟანგბადის 30-50%-ს. ქრონიკული ჰიპერვენტილაციისას სუნთქვის ცენტრი  ფუნქციონირებს ნახშირორჟანგის დაბალი პარციალური წნევის პირობებში, რაც აქვეითებს მის მგრძნობელობის ზღურბლს. იკვრება მანკიერი წრე, როდესაც მცირე ფიზიკური დატვირთვა, ფსიქოემოციური დაძაბულობაც კი მნიშვნელოვნად ახშირებს სუნთქვას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ჰიპოკაპნიას, ჰიპოქსიას, აძლიერებს კლინიკურ გამოვლინებას.

ჰიპერვენტილაციური სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს ორსულობამ, ცხელებამ, ბაქტერიტოქსიურმა შოკმა. ჰიპერვენტილაციური სინდრომის მიზეზებს შორის შესაძლოა იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები – მოცულობითი პროცესები, იშემიური და დიდი ზომის ჰემორაგიული ინსულტი, ტრავმული დაზიანება, ქალასშიდა წნევის მატება, ნეიროინფექციები (მათ შორის ამებიაზი, ტოქსოპლაზმოზი, ცოფი, აივ-ინფექცია), თანდაყოლილი ანომალიები, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, ქსოვილოვანი ჰიპოქსია, ფსიქოგენური ფაქტორები – ისტერია, პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობები.

ჰიპერვენტილაციური სინდრომი – კლინიკური სურათი

ჰიპერვენტილაციური ჰიპოკაპნიის დროს იმატებს ტვინის ქერქის აგზნებადობა. ყველაზე ადრე აისახება შეხებაზე, შემდეგ კი წნევის, სიცივის, სითბოს, ტკივილის შეგრძნებაზე. ხშირად ვითარდება პარესთეზიები,  კიდურებისა და სახის არეში, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ტკივილი გულმკერდისა და მუცლის  მარცხენა ნახევარში, მოსალოდნელია ემოციური და ქცევითი დარღვევები, სინკოპალური მდგომარეობა, ეპილეფსიური და ეპილეპტოფორმული შეტევები.

დამახასიათებელი სიმპტომს წარმოადგენს კრუნჩხვები, ტრემორი მძიმე შემთხვევებში ვითარდება კუნთების გაშეშება.

ჰიპერვენტილაციური სინდრომი – დიაგნოსტიკა

ჰიპერვენტილაციური სინდრომის სიმპტომატიკა არასპეციფიურია და ამიტომაც საჭიროებს დიფერენციალური დიაგნოსტიკის გატარებას ბევრ დაავადებასთან, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშ და გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე მდგომარეობებთნ.

ჰიპერვენტილაციური სინდრომის დიაგნოსტიკაში მთავარია გამომწვევი მიზეზის გამოვლენა. დიაგნოზი „ჰიპერვენტილაციური სინდრომი“ არ ისმება.

ჰიპერვენტილაციური სინდრომი უნდა ვივარაუდოთ პლაზმაში ნახშირორჟანგის პარციალური წნევის ნორმასთან შედარებით ორჯერ შემცირებისას, რაც წარმოადგენს ძირითად დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს, ელექტროლიტური დარღვევების მხრივ აღინიშნება ჰიპოკალიემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია; რესპირატორული ალკალოზი და მეტაბოლური აციდოზი.

ხშირად ჰიპერვენტილაციური სინდრომი ერწყმის ზღვრულ ფსიქიკურ მდგომარეობებს და ასეთ შემთხვევაში  ძნელია მოხდეს დიფერენცირება სომატურ და ფსიქოგენურ სიმპტომებს შორის, ამასთან  ისტერია, საგანგაშო მდგომარეობები ახდენს ჰიპერვენტილაციური სინდრომის ინიცირებასა და ხელშეწყობას.

ჰიპერვენტილაციური სინდრომი – მკურნალობა

ჰიპერვენტილაციური სინდრომის მკურნალობა ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

1. ეტიოტროპული მკურნალობა

2. ჰიპერვენტილაციის მანკიერი წრის გარღვევა (ფსიქოთერაპია, ფსიქოტროპული პრეპარატები)

3. ჰომეოსტაზის დარღვევის თერაპია – ელექტროლიტური დარღვევები, მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევები

4. ჰიპერვენტილაციური სინდრომის გართულებების სიმპტომური თერაპია – კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიარითმიული მკურნალობა, სისტემური არტერიული წნევის შენარჩუნება, ორგანოების ჰიპოპერფუზიის შედეგების ლიკვიდაცია და თავიდან აცილება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988