ჰისტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰისტოგენეზი – (histogenesis ბერძნ. histos  –  ქსოვილი და genesis  –  განვითარება)  –  ქსოვილის განვითარება ემბრიონული საწყისების უჯრედული მასალისაგან. ჰისტოგენეზს ახასიათებს უჯრედის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული უჯრედოვანი დიფერენცირების გაძლიერება. ამას თან სდევს ბირთვულ – ციტოპლაზმური დამოკიდებულების გადახრა ბირთვის ზომასთან შედარებით ციტოპლაზმის ზომის მკვეთრი მატებისკენ, რაც სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყოველგვარი ჰისტოგენეზის შინაარსია შემდეგი სამი კანონზომიერი მომენტი: 1. ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ანუ უჯრედების თვისებათა მემკვიდრეობითი განმტკიცება, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მათი ბუნების შეცვლა და სხვა ქსოვილების უჯრედებად გარდაქმნა; 2. ინტეგრაცია, ანუ უჯრედებს შორის მჭიდრო კავშირის შექმნა და მათი განვითარების ურთიერთგაპირობება; 3. ჰეტეროქრონია, ანუ უჯრედების არაერთდროული დიფერენცირება. ჰისტოგენეზის ეს სამი პრინციპი აღწერეს ს.ი.შჩელკუნოვმა და მისმა თანამშრომლებმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!