ელექტროეპილაცია

ელექტროეპილაცია გულისხმობს გულისხმობს დენის თმის ბოლქვზე ზემოქმედებას, რის შედეგადაც თმა იწყებს ცვენას, შემდეგ კი აღარ იზრდება.

♦ ეპილატორები ამაზონზე

ელექტროეპილაციის პრაქტიკული გამოყენება დაიწყეს ევროპაში, მე–20 საუკუნის 40–იან წლებში.
თხელი წვერის მეშვეობით ელექტროდენი აღწევს კანის გარკვეულ სიღრმეში და იწვევს თმის ბუდის დაშლას.
ელექტროეპილაციის უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენებით ნებისმიერი ტიპის კანს სამუდამოდ აშორებენ თმას, რა ფერისაც არ უნდა იყოს იგი.
ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები.
ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო 

როგორც წესი, ელექტროეპილაციისთვის სილამაზის სალონებს მიმართავენ.
მართალია, ეს პროცედურა არასასიამოვნო შეგრძნებებსაც იწვევს, მაგრამ არა – ყველასთვის. ტკივილის ზღვარი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია.
ამავე დროს, არცთუ იშვიათად, მტკივნეულ ადგილებს ამუშავებენ ტკივილგამაყუჩებელი აეროზოლით; ზოგჯერ კი საამისოდ ლიდოკაინის ან ნოვოკაინის ინექციასაც აკეთებენ. თავად ელექტროეპილაციის სეანსი საათზე მეტხანს არ გრძელდება.
ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, რა თქმა უნდა, მაღალი კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეთ.
ნემსისმაგვარი ელექტროდით მუშაობა მთელი ყურადღების მობილიზებას საჭიროებს: ის პირველივე ცდაზე უნდა მოახვედრონ საჭირო ადგილზე.
არანაკლებ საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სეანსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპეციალისტის კვალიფიკაციასა და ეპილაციის მოწყობილობის ხარისხზე.
არსებობს ელექტროეპილაციის რამდენიმე მეთოდი;
დღეისთვის მთავარ მეთოდებად ითვლება:

  • ელექტროლიზი
  • თერმოლიზი
  • blend
  • flash

ასევე დამუშავებულია რამდენიმე სხვა მეთიდიც, მაგრამ ისინი ძირითადი მეთოდების მოდერნიზებულ სახესხვაობას წარმოადგენს.

ახლა კი განვიხილოთ ელექტროეპილაციის ძირითადი საშუალებები:

ელექტროლიზი

ნემსისმაგვარი ელექტროდების საშუალებით თმის ღეროების ბოლქვში უშვებენ უწყვეტ დენს, რომლის ზემოქმედებით ნატრიუმის იონები წარმოიქმნება. ისინი ზემოქმედებენ ქსოვილის სითხესთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტუტეს ძალზე მცირე რაოდენობა. სწორედ ეს ტუტე შლის თმის ბოლქვს და ამავე დროს, თმის ღეროსთან ჩნდება მცირე ქაფი. ელექტროლიზის შედეგად წარმოქმნილი ტუტე არის სითხე, რომელიც ისეთ ადგილებშიც აღწევს, სადაც ელექტროდები ვერ სწვდება. ამ საშუალების გამოყენება გამრუდებული არხების დამუშავების საშუალებასაც იძლევა. ამ მეთოდის ერთადერთ ხარვეზად ითვლება პროცედურების ხანგრძლივობა. საშუალოდ, ერთ წუთში მხოლოდ თმის ოთხი ღერის მოცილება ხერხდება. აქედან გამომდინარე, არასასურველი თმების მოსაცილებლად რამდენიმე პროცედურის ჩატარებაა საჭირო.

თერმოლიზი

ამ მეთოდის გამოყენება ითვალისწინებს თმის ბოლქვების დაშლას მაღალი ტემპერატურის პირობებში, რომელიც წარმოიქმნება სითბური რეაქციის შედეგად. რეაქციას იწვევს მაღალსიხშირიანი ცვლადი დენი. მოცემულ შემთხვევაში ნემსის მეშვეობით კანში უშვებენ არა დენს, არამედ სითბოს. სითბოს ზემოქმედებით უჯრედები იმდენად ცხელდება, რომ იწყება მათი კვდომის პროცესი.
თერმოლიზის უპირატესობა ამ მეთოდის სისწრაფეში მდგომარეობს: ერთი წუთის მანძილზე ასწრებენ 22 თმის ღერის მოცილებას. თუმცა, ეს პროცედურა გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ელექტროლიზით განხორციელებული პროცედურა. მის ხარვეზად ითვლება ის გარემოება, რომ იგი მოითხოვს საჭირო ადგილზე ნემსის მოხვედრების მაღალ სიზუსტეს. ამიტომ იგი ნაკლებ ეფექტურია გამრუდებული არხების დასამუშავებლად.

blend

ეს მეთოდი აერთიანებს   ორივე განხილული მეთოდის დადებით თვისებებს. შედეგად, მისი გამოყენებით ახორციელებენ საკმაოდ ეფექტურ ელექტროეპილაციას. ამ მეთოდს, ფაქტობრივად, ხარვეზები არ აქვს.

flash

ამ მეთოდის გამოყენებით თმის ბოლქვები ისევე იშლება, როგორც თერმოლიზის დროს. თუმცა, ამ შემთხვევაში ექსპოზიცია რამდენჯერმე პატარაა თერმოლიზთან შედარებით.

Ultrablend, Ultraflash, Superblend, Superflash

ეს ახალი მეთოდები აქ განხილული მეთოდების მიხედვით არის შემუშავებული.
ბოლო პერიოდში მოწყობილობათა დახვეწა და გაუმჯობესება ხელს უწყობს ეპილაციიის წინა მეთოდების დახვეწას. ახალი თაობის აპარატები ტკივილს მნიშვნელოვნად ამცირებენ; შესაბამისად, ეპილაციის პროცედურა უფრო სასიამოვნო და კომფორტული ხდება; აგრეთვე, ქრება ნაწიბურების წარმოქმნის რისკიც. გარდა ამისა, არჩევენ ოპტიმალურ რეჟიმს, თმის ტიპის მიხედვით.
ელექტროეპილაციის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების განხილვის შემდეგ, შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

დადებითი მხარეები

უპირატესობად ითვლება, პირველ ყოვლისა, ელექტროეპილაცია შედარებით იაფია, ლაზერულ და ფოტოეპილაციასთან შედარებით. მეორე, ელექტროეპილაცია შეიძლება ჩატარდეს იმის მიუხედავად, რა ტიპის კანი ან რა ფერის თმა აქვს ეპილაციის მსურველ ადამიანს. მესამე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანი სამუდამოდ იშორებს არასასურველ თმებს. მეოთხე, აღარ ჩნდება შეზრდილი თმები.

უარყოფითი მხარეები

ახლა შევეხოთ ხარვეზებს: ჯერ ერთი, არსებობს ინფექციის შეჭრის რისკი, რადგან ირღვევა კანის ქსოვილი. თუმცა, სპეციალისტები, ერთჯერადი ელექტროდებისა და ხელთათმანების გამოყენებით, დაინფიცირების რისკს ნულამდე ამცირებენ.
მეორე, ეპილაციის ჩატარების შემდეგ არსებობს ნაწიბურების, ფოლიკულიტებისა და ჰიპერპიგმენტაციის წარმოქმნის ალბათობა, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველი მოვლენაა.
ამის თავიდან არიდებაც არის შესაძლებელი, თუ ადამიანი, ეპილაციის შემდეგ, საკუთარ თავს სწორად მოუვლის. ამდენად, ყველამ უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტის რეკომენდაციები.
სპეციალისტი გირჩევთ, კანის გაღიზიანებისგან დასაცავად და მის დასამშვიდებლად რა საშუალებები უნდა გამოიყენოთ.

უკუჩვენება

ეპილაციის ამ მეთოდების უპირატესობებთან და ხარვეზებთან ერთად, არსებობს უკუჩვენებაც: ეს ემართება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ნერვულ–ფსიქიკური აშლილობა, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები კანზე, ჰიპერტონიის მძიმე ფორმები, გულის დაავადებები, ინფექციური დაავადებები; ქალებისთვის ელექტროეპილაცია რეკომენდებული არაა კრიტიკულ დღეებში, ფეხმძიმობის დროს, ასევე – იმ შემთხვევაში, თუ  ჩადგმული აქვთ საშვილოსნოსშიდა სპირალი.

როგორც აღვნიშნეთ, ელექტროეპილაციის პროცედურის დროს და მის შემდეგაც ადამიანი განიცდის მტკივნეულ შეგრძნებებს. იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია სპეციალური მოვლა და რაც მთავარია, პროცედურების დროს გამოყენებული ნემსები დადგენილ ნორმებს უნდა შეესაბამებიოდეს.
არსებობს სამი სახის ნემსი.

სამედიცინო შენადნობის ნემსი

გამოყენება მაშინ არის დაშვებული, თუ ადამიანს ჯანმრთელი კანი აქვს და ადვილად გადააქვს ეპილაციისგან გამოწვეული მტკივნეული შეგრძნება, ასევე – მისი კანი ადვილად გამოდის  პოსტეპილაციური მდგომარეობიდან.

იზოლირებულ ნემსები

იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ეპილაციის პროცედურისგან გამოწვეული მტკივნეული შეგრძნებებისადმი. ეს ნემსები დაფარულია თხელი სამედიცინო საიზოლაციო ლენტით, რომლის სისქე ერთ მიკრონზე თხელია.

ოქროს ნემსები

ელექტროეპილაციაგანკუთვნილია მათთვის, რომელთაც ახასიათებთ ალერგია და მაღალი მგრძნობელობა, ასევე – მათთვის, რომლებსაც ძალზე ძნელად გადააქვთ სამედიცინო შენადნობის ნემსებით ჩატარებული ეპილაცია. ასეთი ნემსები, რომელთა ზედაპირი 24–კარატიანი ოქროს ფენით არის დაფარული, არ შეიცავს ნიკელს.
მსოფლიო ბაზარზე, საეპილაციო ნემსების წარმოებით, პირველობას არავის უთმოს ფირმა «Ballet». აქ წარმოებულ ნემსებს ძირითადად სწორედ ელექტროეპილაციისთვის იყენებენ.
რაც დროს გადის, ელექტროეპილაციის ახალ, პრაქტიკულად, იდეალურ შედეგებს აღწევენ მსოფლიოში. თუმცა, ამ პროცესში მრავალი ხელშემშლელი მიზეზის დაძლევა უწევთ. მათგან აღსანიშნავია თმების სიუხეშე, მათი სიმჭიდროვე და სიმკვრივე, ასევე – თმების განლაგების რთული ადგილები.
პრობლემებს ქმნის თუნდაც ის, რომ თმის ერთი ბოლქვის დაშლის შემდეგ ადგილი აქვს ახალი თმის ამოზრდას მეზობელი ბოლქვიდან.
ამიტომ, ელექტროეპილაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.
შესაძლოა, არასასურველი თმების მოსაცილებლად საჭირო გახდეს 10–15 პროცედურის ჩატარება, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე კურსს მოიცავს.
კლიენტთა დაახლოებით 75% აღწევს სასურველ შედეგს, თუ 10–15 დღეში ერთხელ იტარებენ მომდევნო პროცედურას.
ასე რომ, რაც უფრო ხშირად და რეგულარულად ეწვევით ელექტროეპილაციის კაბინეტს, მით მალე მიაღწევთ სასურველ შედეგებს. ზედმეტი თმებისგან გასუფთავებული, გლუვი და სასიამოვნო კანი იქნება ჯილდო, თქვენს მიერ გამოჩენილი მოთმინებისა და დახარჯული დროის სანაცვლოდ.
გვერწმუნეთ, ეს ნამდვილად ღირს იმად, რომ მოინდომოთ და ცოტა მოითმინოთ კიდეც ეპილაციით გამოწვეული არასასიამოვნო შეგრძნებები. მოამზადა: თ. პაპავამ; კოსმეტოლოგია


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ თავის მოვლის პერსონალური საშუალებები ინტერნეტმაღაზიებში >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.