ლიზინოკორი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): lisinopril

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

შემადგენლობა
ლიზინოკორის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ლიზინოპრილის 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი – ჰიპოტენზიური საშუალება. თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტსა და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა, იზრდება გულის წუთმოცულობა შეკუმშვათა სიხშირის შეუცვლელად, მცირდება არტერიული წნევა. ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მისი დოზა და საშუალოდ 24 სთ-ზე მეტს შეადგენს. პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას, ელიმინაცია ხდება თირკმლების საშუალებით.

ჩვენებები

  • – არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • – გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესები და დოზები
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი – 20 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა – 40 მგ. ლიზინოკორით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყალ-მარილოვანი წონასწორობის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოკორით თერაპია იწყება მცირე დოზით და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-20 მგ/დღეში. გულის უკმარისობის დროს შესაძლებელია ლიზინოკორისა და დიურეტიკის ან/და საგულე გლიკოზიდების კომბინაცია. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით). ლიზინოკორი ინიშნება დღეში ერთხელ დილით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება, ერთეულ შემთხვევაში ედს-ის მატება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ფონზე); ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენება
– ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი;
– თირკმლის არტერიების ან აორტის რკალის სტენოზი;
– თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
– ბავშვთა ასაკი;
– მაღალი მგრძნობელობა პრეპარატისადმი.

განსაკუთრებული მითითებები
ლიზინოკორით მკურნალობის დაწყებამდე, მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სითხისა და მარილების დანაკარგის კომპენსირება. პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ასაკოვანი და სალურეტიკებითა და ანტიდეპრესანტული საშუალებებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში. ლიზინოკორით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი. ლიზინოკორისა და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში). ამიტომ, აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ. ლიზინოკორის და დიურეტიკების ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ ლიზინოკორის ჰიპოტენზიურ ეფექტს. ლიზინოკორმა შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კობინაციაში – შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია. დოზის გადაჭარბება: არტერიული ჰიპოტენზია. მკურნალობა – წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა: ჯი-ემ-პი, საქართველო
გამოშვების ფორმა: 20მგ ტაბლეტი #20
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება