საქართველოს მდინარეთა ქსელი

წყალი

მ დ ი ნ ა რ ე თ ა ქსელი არათანაბრადაა განაწილებული. სულ 25 074 მდინარეა (საერთო სიგრძე 54 768 კმ), აქედან 17 ათასზე მეტი (32 574 კმ) დასავლეთ საქართველოშია, 7 649 (22 194 კმ) – აღმოსავლეთ საქართველოში.

მდინარეთა უმეტესობას (24 937) 25 კილომეტრზე ნაკლები სიგრძე აქვს, 121 მდინარეს – 25-100 კმ, 16-ს – 100-599 კმ. საქართველოს მდინარეები ეკუთვნიან შავი (დასავლეთ საქართველოში) და კასპიის (აღმოსავლეთ საქართველოში) ზღვების აუზებს (იხ. ცხრილი 1).

აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი დამოუკიდებლად ერთვიან შავ ზღვას. საქართველოს (ასევე ამიერკავკასიის) უდიდესი უდიდესი მდინარეა მტკვარი. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მხოლოდ მისი შუაწელია (400 კმ-ს ფარგლებში). სათავე თურქეთში აქვს, კასპიის ზღვას ერთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მთავარი შენაკადებია ფოცხოვისწყალი, ლიახვი, ქსანი, არაგვი, ფარავანი, ალგეთი, ქცია-ხრამი. მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნამდე მტკვრის უდუიდესი შენაკადი იყო ალაზანი ივრით, ამჟამად ისინი მინგეჩაურის წყალსაცავს ერთვიან. კასპიის ზღვის აუზს ეკუთვნის აგრეთვე მდინარეები თერგი (საქართველოს ფარგლებში 85 კილომეტრზე მიედინება და ანდის ყოისუს მდგენელები – პირიქითა ალაზანი და თუშეთის ალაზანი. საქართველოს მდინარეები საზრდოობს მყინვარის, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მყინვარული ჩამონადენის წლიური ჯამი 0.9 კმ3-ია. მყინვარებით საზრდოობს მდინარეები ენგური, კოდორი, რიონი, თერგი, და სხვ. მდინარეთა უმეტეს ნაწილს ასაზრდოებს თოვლისა და მიწისქვეშა წყლები. თოვლის წყლით საზრდოობა მატულობს ადგილის სიმაღლის მიხედვით და მაღალ ნაწილში წლის ჩამონადენის 60-70%-ს შეადგენს. მიწისქვეშა წყლები კავკასიონზე, ჩვეულებრივ, დაბალიდან საშუალმთიანი ნაწილისაკენ მატულობს და 30-40%-ს აღწევს, ხოლო უფრო ზევით მცირდება. საქართველოს სამხრეთ მთიანეთში მიწისქვეშა წყლები 40%-მდე აღწევს, მდინარე ფარავნის აუზში კი წლიური ჩამონადენის ნახევარზე მეტიცაა. შავიზღვისპირა პატარა მდინარეები თითქმის მთლიანად წვიმის წყლით საზრდოობს. დიდ მდინარეთა აუზებში წვიმის წყლით საზრდოობა მცირდება სიმაღლის მიხედვით და მაღალმთიან ზონაში წლიური ჩამონადენის 10-15%-ია.

         საქართველოს ტერიტორიიდან წლის განმავლობაში 56.9 კმ3 წყალი ჩამოედინება. ჩამონადენის ფენის სიმაღლე 820 მმ-ს შეადგენს. ტრანზიტული ჩამონადენი (85 კმ3) თურქეთიდან შემოდის ჭოროხითა და მტკვრით, ხოლო სომხეთიდან (0.9 კმ3) დებედით. მთელი ჯამური ჩამონადენი 66,3 კმ3-ია.

წყლის რესურსები არათანაბრადაა განაწილებული. დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ჩამონადენია (ტრანზიტულ ჩამონადენთან ერთად) 49.8 კმ3, აღმოსავლეთ საქართველოსი – 16.5 კმ3. ყველაზე წყალუხვია მდინარე რიონი, მტკვარი გაცილებით ნაკლებწყლიანია, მისი ჩამონადენი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 8,3 კმ3-ია. დანარჩენი მდინარეებიდან აღსანიშნავია ენგური, კოდორი, ბზიფი, ცხენისწყალი, ყვირილა, ლიახვი, არაგვი, ქცია-ხრამი, ალაზანი და სხვა.

საქართველოში ყველაზე უხვწყლიანია აფხაზეთისა და აჭარა-გურიის შავი ზღვის სანაპირო. აფხაზეთის სანაპირო ზოლში ჩამონადენის ფენა 800-1000 მმ-ია, ადგილის სიმაღლის მიხედვით იზრდება და 3500-4000 მმ-ს აღწევს, რაც კავკასიისათვის მაქსიმუმია. აფხაზეთის აღმოსავლეთით ჩამონადენი კლებულობს და ენგურის ზემოთში 1500-2000 მმ-ია. დიდი ჩამონადენით გამოირჩევა ენგურის მარჯვენა მხარე (მდინარეების ნაკრის, ნენსკრის აუზები). უფრო აღმოსავლეთით კავკასიონის წყლიანობა 1500 მმ-ს არ აღემატება, მხოლოდ ალაზნის აუზის ყველაზე მაღალმთიან ზონაში ჩამონადენის ფენა 2000 მმ-მდე იზრდება. შედარებით მცირეწყლიანია კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდინარე თერგის ზემოთისა და მდინარე თუშეთის ალაზნის აუზები. ჩამონადენი აქ იცვლება 300-დან 1200 მმ-მდე.

აჭარის სანაპიროზე ჩამონადენი შეადგენს 1800 მმ-ს და სიმაღლის მიხედვით იზრდება 3000-4000 მმ-მდე. შიგა აჭარის ყველაზე მაღალ ნაწილში იგი მცირდება 2000 მმ-მდე. ჩამონადენი მკვეთრად იცვლება საქართველოს სამხრეთ მთიანეთშიც. მდინარეების ქვაბლიანის, ფარავნისა და ქცია-ხრამის აუზების ქვედა ნაწილში ჩამონადენი 100 მმ-მდე მცირდება და არსად არ აღემატება 700 მმ-ს. საქართველოში ყველაზე მცირეწყლიანია უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც ჩამონადენი 50 მმ-ს არ აღემატება.

განსხვავება მდინარეთა საზრდოოობისა და ნალექების წლიური განაწილებაში ქმნის ჩამონადენის შიგაწლიური განაწილების მრავალფეროვნებას: შავიზღვიპირეთის პატარა მდინარეები წვიმის წყლით საზრდოობენ, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში წყალმოვარდნის რეჟიმი ახასიათებთ. სანაპიროს სამხრეთ ნაწილში წყალმოვარდნები ხშირია შემოდგომა-ზამთარში.

კავკასიონის მდინარეებზე ვლინდება ჩამონადენის შიგაწლიური განაწილების მკვეთრი ცვლა სიმაღლის მიხედვით. დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ძლიერია წვიმების გავლენა, ამიტომაც გაზაფხულის კარგად გამოხატულ წყალდიდობასთან ერთად იცის ხშირი წყალმოვარდნები. წყალმცირობა ზამთარში და ცხელ ზაფხულშია. მაღალმთიან ზონაში ზამთრის დაბალი წყალმცირობა და გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობაა.

თუმცა მყინვარული ჩამონადენის წილი მდინარეთა ჩამონადენში მეტად მცირეა (1,4%). იგი მაინც მნიშვნელოვან აისახება ჩამონადენის შიგაწლიურ განაწილებაში, რადგანაც მყინვარული წყლები მდინარეებში ძირითადად ივლის-აგვისტოში ჩაედინება. ამ პერიოდში მყინვარული ჩამონადენი მდინარის ჩამონადენის მეტ წილს შეადგენს. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს მდინარე ენგურის საზრდოობაში, სადაც მყინვარული ჩამონადენი ზაფხულის ორი თვის ჩამონადენის 30%-ს აემატება. ამიტომაც ენგურმა იცის ზაფხულის დიდი წყალდიდობა, რომელიც წლიური ჩამონადენის თითქმის ნახევარია. ზამთრის წყალმცირობა კი ძალიან დაბალია – წლიური ჩამონადენის 7%; მაღალმთიან ზონაში უფრო ნაკლები – 5%. კავკასიონის დანარჩენ ნაწილში მხოლოდ მდინარე თერგის აუზშია კარგად გამოხატული ზაფხულის წყალდიდობა. ზამთარში თერგი უფრო წყალუხვია (წლიური ჩამონადენის 10%), ვიდრე ენგური, რაც გამოწვეულია უფრო უხვი მიწისქვეშა საზრდოობით. ცენტრალური და აღმოსავლეთ კავკასიონის დიდი მდინარეები (ლიახვი, არაგვი, ალაზანი) საკმაოდ უხვად საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით, ამიტომ მათი წყალმცირობა მაღალია (წლიური ჩამონადების 10%). წყალდიდობის დროს (მარტი-ივლისი) ჩამოდინება წლიური ჩამონადენის 45-50%. გამონაკლისია მთიულეთის არაგვი, რადგან ის უხვად საზრდოობს მიწისქვეშა წყლით, ამიტომაც წყალდიდობა უფრო ზომიერი იცის, წყალმცირობა კი უფრო მაღალი.

ჩამონადენის შიგაწლიური განაწილება მრავალფეროვანია სამხრეთ საქართველოშიც. აქ იგი უმთავრესად დამოკიდებულია მდინარეთა მიწისქვეშა წყლებით საზრდოობაზე. აჭარის მდინარეთა წყალდიდობა კარგადაა გამოხატული გაზაფხულზე, შემოდგომაზე წყალმოვარდნებია, ზამთარში – წყალმცირობა. მდინარე ქვაბლიანის აუზში წყალდიდობა მაღალია (წლიური ჩამონადენის 60%), ზამთრის წყალმცირობა კი – დაბალი. სხვაგვარი რეჟიმი აქვს მდინარე ფარავანს, რომლის ჩამონადენი ბუნებრივადაა მოწესრიგებული. წყალდიდობა აქ გახანგრძლივებულია (აპრილ-ივლისი), წყალმცირობა მეტად მაღალია (წლიური ჩამონადენის 15%-ზე მეტი). ნაკლებ მოწესრიგებულია მდინარე ქცია-ხრამის აუზი, რადგან გაზაფხულის წყალდიდობა აქ მნიშვნელოვანია (წლიური ჩამონადენის 50%), ხოლო ზამთრის წყალდიდობა შედარებით დაბალია (წლიური ჩამინადენის 15%-ზე ნაკლები). თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის მდინარეები გამოირჩევიან გაზაფხულის ძლიერი წყალდიდობით (წლიური ჩამონადენის 50%-ზე მეტი), მაგრამ ზამთრის წყალმცირობა მაღალი არაა (წლიური ჩამონადენის 10%-მდე).

ცხრილი. 1 – მნიშვნელოვანი მდინარეები

შ ა ვ ი  ზ ღ ვ ი ს  ა უ ზ ი ს ა

სიგრძე

 (კმ)

აუზის ფართობი

(კმ2)

საშუალო წლიური
ჩამონადენი (კმ3)

ჭოროხი*

438

22100

6.9

რიონი

327

13400

12.6

ენგური

213

4060

5.9

ცხენისწყალი

176

2120

2.8

ხობი

150

1340

1.6

ყვირილა

140

3630

2.8

კოდორი

117

2030

4.1

ბზიფი

110

1510

3.1

სუფსა

108

1130

1.5

ტეხური

101

1040

1.4

აჭარისწყალი

90

1540

1.6

ნატანები

60

657

1.1

ხანიხწყალი

57

914

0.7

ღალიძგა

53

483

0.9

ჯეჯირი

50

488

0.4

კინტრიში

45

291

0.5

* სათავიდან შესართავამდე

 

კ ა ს პ ი ი ს
ზ ღ ვ ი ს
 ა უ ზ ი ს ა

სიგრძე
(კმ)
აუზის ფართობი
(კმ2)
საშუალო წლიური
ჩამონადენი (კმ3)
მტკვარი*

1364

188000

18.1

თერგი*

623

43200

9.6

ალაზანი

351

11800

3.5

იორი

320

4650

0.5

ქციახრამი

201

8340

1.8

არაგვი

112

2740

1.8

ალგეთი

116

763

0.1

ლიახვი

115

2440

1.5

ქსანი

84

885

0.5

ფარავანი

74

2350

0.6

ფოცხოვისწყალი

64

1840

0.7

თუშეთის ალაზანი

59

825

0.7

პირიქითა ალაზანი

49

368

0.3

* სათავიდან შესართავამდე (ქსე.1991 წ.)

________________________________________________________

ბმები: საიტი ,,წყალი”nbsp;