საქართველოს მიწისქვეშა წყლები

წყალი

საქართველო მდიდარია მ ი წ ი ს ქ ვ ე შ ა  წ ყ ლ ე ბ ი თ, რომლებიც მრავალფეროვანია როგორც სიღრმითი მდებარეობის, ისე ჩაწოლის ფორმისა და ფიზიკურ-ქიმიური თავისებურების მხრივ. მთიანეთშორის ზოლში ძირითადად არტეზიული წყლებია.


აქ 16 არტეზიულ აუზს გამოყოფენ. კავკასიონისა და მესხეთ-თრიალეთის ნაოჭა ზონებში უმთავრესად უწნევო მიწისქვეშა წყლებია. კარსტული ზონისათვის დამახასიათებელია მიწისქვეშა მდინარეები და ვოკლუზიური წყაროები., რომელთა დებიტია რამდენიმე მ3/წმ-ში.

ასევე მძლავრი დებიტის წყაროები (,,ლავური ვოკლუზები“) დამახასიათებელია ჯავახეთის ვულკანური მთიანეთისა და დანაპრალებული ლავებით აგებული რაიონებისათვის. რესპუბლიკა გამოირჩევა მინერალური წყაროების სიმრავლითა და მრავალგვარობით. აქ არის მინერალური წყლების გამოსავალთა 500-ზე მეტი ჯგუფი. ქიმიური შედგენილობით ეს წყლები იყოფა ჰიდროკარბონატულ, ქლორიდულ, სულფატურ და შერეულ ჯგუფებად, ხოლო აირის შემცველობის შესაბამისად არის ნახშირმჟავა და არანახშირმჟავა ტიპისა. ნახშირმჟავა აირით გაჯერებული ჰიდროკარბონატული ჯგუფის წყლები თავმოყრილია კავკასიონის მაღალმთიან ზოლში და მესხეთ-თიალეთის ქედების შუა ნაწილში. კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ამ ტიპის 200-ზე მეტი წყაროა. საყოველთაოდ ცნობილია მინერალური წყლები: ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, ზვარე, ძაუ, ლუგელა, სქური და სხვ.
საქართველოს წყლის რესურსები გამოყენებულია სარწყავად, წყალმომარაგებისათვის და ენერგეტიკული თვალსაზრისით. საქართველოში ირწყვის 384.5 ათასი ჰექტარი მიწა (1979), მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში 326.0 ათასი ჰექტარი, დასავლეთ საქართველოში – 58,5 ათასი ჰექტარი. მორწყვის უმნიშვნელოვანესი წყაროა მტკვარი, ალაზანი, იორი, ქცია-ხრამი, ლიახვი, არაგვი, ქსან, ალგეთი, რიონი, ყვირილა.

 სამრეწველო, საქალაქო და სასოფლო წყალმომარაგებისათვის საქართველოში წლიურად 2.4 კმ3 წყალი იხარჯება, აქედან 1.6 კ3 – აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 0.8 კმ3 – დასავლეთ საქართველოში. საყურადღებოდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სარწყავად და წყალმომარაგებისათვის 4.2 კმ3 წყალი იხარჯება, ე. ი. უკვე გამოყენებულია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა მდგრადი ჩამონადენის 70%-ზე მეტი. ეს აუცილებელს ხდის აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა ჩამონადენის ხელოვნურ რეგულირებას. ამ საქმეში დიდ როლს ითამაშებს ჟინვალის წყალსაცავი, რომლის მოცულობა 520 მლნ მ3 იქნება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის წყალსაცავის შევსებას მოხმარდება. წყალსაცავები უნდა აშენდეს აგრეთვე ალაზანზე, იორზე, ქცია-ხრამზე და სხვა მდინარეებზე.

საქართველოს დიდი ჰიდროენერგეტიკული რესურსები აქვს: მდინარეთა ჰიდროენერგიის მარაგი 159 მილიარდი კილოვატ/საათია, რითაც მესამე ადგილზეა სსრკ-ში, ჰიდროენერგიით ტერიტორიის უზრუნველყოფით კი – პირველ ადგილზე: რესპუბლიკის ტერიტორიის 1 კმ2-ზე 2 მილიონ 290 ათასი კილოვატ/საათი პოტენციური ჰიდროენერგია მოდის. ჯერჯერობით გამოყენებულია მდინარეთა სიმძლავრის უმნიშვნელო ნაწილი. საქართველოში 20-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურია. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 8.2 მილიარდ კილოვატ/საათს აღწევს, რაც ტექნიკური ჰიდრორესურსების 10.1%-ია. მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების – ჟინვალჰესის, ხუდონჰესის და სხვათა მწყობრში ჩადგომის შემდეგ ელექტროენერგიის გამომუშავება 11 მილიარდ კილოვატ/საათს გადააჭარბებს, რაც ტექნიკური ჰიდროენერგორესურსების 13.7%-ზე მეტია. მდინარე რიონზე, სოფელ ნამხვანთან, დაპროექტებულია 2 ჰესის მშენებლობა, რომელთა წლიური გამომუშავება 1.9 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს, რაც რესპუბლიკის ჰიდროენერგიის 15.7% იქნება.

საქართველოს ტბებსა და წყალსაცავებს იყენებენ თევზის მეურნეობის ობიექტებად. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ტბებია ფარავანი, ტაბაწყური, პალიასტომი, ჯანდარი და სხვ. წყალსაცავებიდან – წალკის, სიონის, თბილისის, შაორის, ტყიბულის, გალის და სხვ. გარდა ამისა, ტბები და წყალსატევები წარმოადგენენ სპორტის, დასვენებისა და ტურიზმის ობიექტებს. საყოველთაოდ ცნობილია ულამაზესი ტბა რიწა, რომელსაც წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ტურისტი ნახულობს. ასევე ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით ზაფხულობით, ლისის, კახისის, ბაზალეთისა და სხვ. ტბებზე, აგრეთვე თბილისისა და სიონის წყალსაცავებზე. პერსპექტიული ტურისტული და დასვენების ობიექტებია ყელის, ქვედის, ამტყელის, ტაბაწყურის, ბატვიის ტბები და სხვ.(ქსე.1991 წ.)

 __________________________________________________________