დესმოიდი

დესმოიდი (ბერძნ. desmos-კავშირი; სინონიმები; დესმოიდური ფიბრომა, დესმოიდური სიმსივნე, კუნთოვან-აპონევროტიკული ფიბრომატოზი, დესმოიდური ტიპის ფიბროსარკომა)-შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც წარმოიქმნება მყესოვან – და ფასციურ-აპონევროტიკური სტრუქტურებისგან; >>>>

შერეული ფიბრომატოზების ხშირი წარმომადგენელია. დესმოიდს აქვს მომრგვალო ან ოვალური ფორმა, მკვრივი კონსისტენცია, გლუვი ზედაპირი. გამოყოფენ აბდომინალურ, ექსტრააბდომინალურ და ინტრააბდომინალურ დესმოიდს. აბდომინალური დესმოიდი ხშირია ქალებში, ლოკალიზდება მუცლის წინა კედლის სწორი და ირიბი კუნთების მიდამოში. ექსტრააბდომინალური დესმოიდი თანაბრად აღინიშნება როგორც კაცებში, ისე ქალებში, ძირითადად ლოკალიზდება მხრების მიდამოში, ზურგზე და კისერზე. ინტრააბდომინალური დესმოიდი იშვიათია, წარმოიქმნება სწორი ნაწლავის მეზენტერიუმში, ხშირად კომბინირებულია მსხვილი ნაწლავის პოლიპოზთან (გარდნერის სინდრომი).

დესმოიდი – ეტიოლოგია არ არის გარკვეული. დესმოიდის განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ტრავმებს (მაგ.მშობიარობის დროს მუცლის წინა კედლის კუნთოვანი ბოჭკოების მრავალსახოვანი დაზიანება), ასევე ჰორმონალურ დარღვევებს. პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ და ნელა. დიდი ზომის დესმოიდების დროს შესაძლოა ტკივილები. პროცესის გამწვავების დროს, დესმოიდმა შეიძლება  სისხლძარღვების, ნერვების, ძვლების ინფილტრაცია მოახდინოს, ასევე მუცლის კედლის გავლით შესაძლოა ჩაიზარდოს მუცლის ღრუს ორგანოებში.

დიაგნოზს ადგენენ კლინიკური და მორფოლოგიური მონაცემების საფუძველზე. ატარებენ დიფერენციალურ დიაგნოზს ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებთან, მუცლის კედლის ჰემატომასთან, ანთებით ინფილტრატთან, ტუბერკულიოზთან, აქტინომიკოზთან, სიფილისთან.

მკურნალობის ძირითადი მეთოდია-დესმოიდის ფართო ამოკვეთა. როდესაც ოპერაციული ჩარევა შეუძლებელია, მიმართავენ სხივურ თერაპიას. დესმოიდი ხშირად რეციდივებს, განსაკუთრებით არარადიკალურად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.

სიმსივნური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დესმოიდი – წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება მყესებისა და ფასციურ – აპონევროზული სტრუქტურებისაგან; ახასიათებს გამოხატული ინფილტრაციული ზრდა და მიდრეკილება რეციდივებისადმი; მიეკუთვნება ფიბრომატოზებს. მკურნალობა უპირატესად ოპერაციულია

.