პრიაპიზმი

პრიაპიზმი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სექსუალური აღგზნების გარეშე ხდება სასქესო ასოს ხანგრძლივი, მყარი ერექცია. პრიაპიზმს თან ახლავს მტკივნეული შეგრძნება პენისის ფუძის მიდამოში, ჭეშმარიტი ერექციისაგან განსახვავებით დაჭიმულია ძირითადად კავერნოზული სხეული, სასქესო ასოს თავი რჩება რბილი. მდგომარეობის შემსუბუქებას არ იწვევს სქესობრივი აქტი. აღნიშნული პათოლოგია როგორც წესი ვითარდება ძილის დროს.  პრიაპიზმის დროს არაა დარღვეული შარდის გამოყოფა. პრიაპიზმი შეიძლება აღმოცენდეს როგორც მოზრდილ მამაკაცებში, ისე ბავშვებში.

 პრიაპიზმის სახეები:

  • ფსიქოგენური, განპირობებული ფსიქიკური დაავადებებით, ეპილეფსიითა და ნევროზული მდგომარეობით;
  • ნეიროგენული, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმებით, სიმსივნეებით, ასევე ენცეფალიტით გამოწვეული;
  • სომატური პრიაპიზმი ვითარდება სისხლის პათოლოგიების დროს, როგორიცაა ლეიკოზები, ნამგალისებრუჯრედოვანი ანემია, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეების, ალერგიული დაავადებების დროს;
  • ინტოქსიკაციური პრიაპიზმი ალკოჰოლის, კოკაინის, ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შედეგია;
  • მედიკამენტოზური პრიაპიზმი ვითარდება ანტიდეპრესანტების, ფსიქოტროპული და ერექციული დისფუნქციის სამკურნალო  საშუალებების გამოყენების შედეგად;
  • იდიოპათიკური პრიაპიზმი, რომლის მიზეზიც უცნობია.

პრიაპიზმის განვითარებაში ძირითად როლს თამაშობს სასქესო ასოს კავერნოზული სხეულების სისხლმომარაგების დისბალანსი. არტერიული სისხლის მიდინება აჭარბებს ვენურ უკუდინებას, რის გამოც ხდება სისხლის შეგუბება და პათოლოგიურ ერექციასთან ერთად  არსებობს სასქესოს ასოს იშემიისა და შემდგომ ნეკროზის, ასოს განგრენის განვითარების საფრთხეც.

მცირე მენჯისა და შორისის მიდამოს ტრავმების დროს  პრიაპიზმის განვითარების მექნიზმი რამდენამდე განსხვავებულია.  შესაძლებლია მოხდეს პირდაპირი კავშირი არტერიულ სისხლსა და კავერნოზულ სხეულს შორის, რის გამოც ამ უკანასკნელში სისხლის დიდი რაოდენობით მიდინება ხდება და ვითარდება ერექცია.  თუ აღნიშნუოლ პროცესს თან დაერთო ინფექცია, ვითარდება კავერნიტი  – კავერნოზული სხეულის ანთება.

 პრიაპიზმის მკურნალობა

პრიაპიზმის გამოვლენისას დაუყონობლივ უნდა მოხდეს სათანადო ზომების მიღება. საწყის ეტაპზე მკურნალობა კონსერვაიულია და მოიცავს  სასქესო ასოს გაცივებას, კავერნოზული სხეულის პუნქციას ჭარბი სისხლის მოცილების მიზნით. შესაძლებლია მედიკამენტების გამოყენებაც (მაგ. ფენილეფრინი).

თუ კონსერვატიული მეთოდებით ვერ ხერხდება  პრიაპიზმის ლიკვიდაცია, ან ადგილი აქვს რეციდივს, მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას, რომლის მიზანიც კავერნოზული სხეულებიდან სისხლის უკუდინების გაუმჯობესებაა. ოპერაციული ჩარევისას ხდება დამატებითი კავშირის შექმნა კავერნოზულ სხეულსა და სხვა ვენებს შორის.

პრიაპიზმის დროული მკურნალობისას შედეგი დადებითია და ერექციული დისფუნქციაც გარკვეული დროის შემდეგ სრულად აღდგება. შორს წასულ შემთხვევებში მდგრადი ერექციული დისფუნქცია ვითარდება, ნეკროზის და განგრენის დროს კი  აუცილებელი ხდება სასქესო ასოს მოცილება, შემდომ კი პლასტიკური ოპერაცია და ენდოპროთეზირება. სქესობრივი დარღვევები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

.