კარდიული X სინდრომი
კარდიული X სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი
კარდიული X სინდრომის ეტიოლოგია ბოლომდე გარკვეული არაა და დადგენილია მხოლოდ გარკვეული პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, რაც განაპირობებს დაავადების ტიპიურ კლინიკურ-ინსტრუმენტალურ გამოვლინებებს:
- სიმპათიკური აქტივობის მატება
- ენდოთელიუმის დისფუნქცია
- სტრუქტურული ცვლილებები მიკროცირკულაციის დონეზე
- მეტაბოლური ცვლილებები – ჰიპერკალიემია, ჰიპერინსულინემია და ა.შ
- გულის არეში ტკივილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ქრონიკული ანთება
- არტერიების მომატებული სიხისტე და სხვა.
კარდიული X სინდრომი – კლინიკური სურათი
კარდიული X სინდრომი ძირითადად ვლინდება საშუალო ხნის ქალბატონებში. ტიპიური დაძაბვის სტენოკარდია აღინიშნება 50% -ზე ნაკლებ შემთხვევებში, დანარჩენი კი ატიპიურად მიმდინარეობს.
ძირითადი ჩივილია სტენოკარდიული ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის, სიცივის, ემოციური გადაძაბვის დროს; ტიპიური ირადიაციით ტკივილის ხანგრძლივობა მეტია ვიდრე გულის იშემიური დაავადების დროს და კუპირება ყოველთვის ვერ ხერხდება ნიტროგლიცერინით, ზოგ შემთხვევაში კი აღნიშნული მედიკამენტი პირიქით აუარესებს კიდეც ავადმყოფის მდგომარეობას.
კარდიული X სინდრომი – დიაგნოსტიკა
კარდიული X სინდრომის დიაგნოსტირება ძირითადად ხდება გამორიცხვის მეთოდით და შემდეგი მონაცემების საფუძველზე:
- ტიპიური ტკივილი გულმკერდის არეში და ST სეგმენტის მნიშვნელოვანი დეპრესია ფიზიკური დატვირთვის დროს, მათ შორის ტრედმილზე და ველოერგომეტრიაზე
- დადებითი დატვირთვის ტესტები
- ანგიოგრაფიულად არ აღინიშნება ეპიკარდიალური კორონარული არტერიების ცვლილებები და არ არსებობს კორონარული არტერიების სპაზმის დამადასტურებელი კლინიკური და ანგიოგრაფიული მონაცემები.
კარდიული X სინდრომის დიაგნოსტირებისას ასევე უნდა მოხდეს შემდეგი მდგომარეობების გამორიცხვა:
- ვაზოსპასტიური სტენოკარდია
თუ ობიექტური მეთოდებით დადგენილია გულმკერდის არეში ტკივილის არაკარდიალური მიზეზები:
- ძვალ-კუნთოვანი მიზეზები (ხერხემლის კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზი და სხვა.)
- ნერვულ-ფსიქიკური მიზეზები (დეპრესიული სინდრომი და სხვა)
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (საყლაპავის სპაზმი, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი და სხვა)
- ფილტვისმიერი მიზეზები (პნევმონია, ტუბერკულოზი)
- ლატენტური ინფექციები (სიფილისი) და რევმატიული დაავადებები
კარდიული X სინდრომის მკურნალობა
კარდიული X სინდრომის მკურნალობა გაძნელებულია და საბოლოოდ შემუშავებული არაა. მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია დაავადების პათოლოგიური მექანიზმის იდენტიფიკაციაზე.
განასხვავებენ მედიკამენტოზური მკურნალობის სხვადასხვა მიდგომებს: ანტიანგინოზური პრეპარატების, აგფ-ინფიბიტორების, ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტების, სტატინების, ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებას და სხვა. მედიკამენტოზური მკურნალობის ნებისმიერი სტრატეგიის შერჩევისას მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ზოგადი რჩევები ცხოვრების წესის ცვლილებისა და რისკ ფაქტორების მკურნალობის შესახებ, განსაკუთრებით აგრესიული ლიპიდების დონის დამაქვეითებელი პრეპარატებით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988