კელოიდი

კელოიდი

კელოიდი (ბერძ.kēlē – სიმსივნე + eidos – მსგავსი) – წარმოადგენს კანზე შემაერთებელქსოვილოვანი ქსოვილის სიმსივნისმაგვარ წანაზარდს.

არსებობს მოსაზრება, რომ კელოიდის განვითარებას საფუძვლად უდევს შემართებელი ქსოვილის  თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული თვისება, ნებისმიერი სახის ტრავმულ ზემოქმედებას, მათ შორის მიკროტრავმასაც, უპასუხოს გაძლიერებული პროლიფერაციით. მთელ რიგ ავადმყოფებს აღენიშნებათნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული სისტემის მხრივი ცვლილებები (უხშირესად, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის გლუკოკორტიკოიდული ფუნქციის დაქვეითება), ქრონიკული ინფექციური დაავადებები (მაგ. ფილტვების ტუბერკულოზი), ქრონიკული ინფექციის კერები (კარიესი, ონზილიტი, სალპინგოოფორიტი და სხვ.).

კელოიდის დროს ჰისტოლოგიური სურათი ხასიათდება კოლაგენური ბოჭკოების გამსხვილებით, ჰიალინოზითა და ელასტიური ბოჭკოების შემცირებით, ფიბრობლასტების ზომიერი დაგროვებით.

განარჩევენ ცრუ და ჭეშმარიტ კელოიდს. ჭეშმარიტი კელოიდი ვითარდება ხილული მიზეზის გარეშე. უპირატესად მამაკაცებს, ძირითადად გულმკერდის არეში აღენიშნებათ იზოლირებული, უმტკივნეულო, მკვრივი კონსისტენციის, ღია-ვარდისფერი, გლუვზედაპირიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი, რომლის ზედაპირზეც ზოგჯერ ვითარდება ტელანგიექტაზიები. უცაბედად გაჩენილი კელოიდი სწრაფად იზრდება და საბოლოო ჯამში გარდაიქმნება წარგრძელებული ფორმის წარმონაქმნად, რომელიც წამოწეულია კანის ზედაპირიდან 0.5-0.7 სმ-ით. კელოიდის გვერდითი ზედაპირიდან გამოდის წანაზარდები, რომელიც მოგვაგონებს კიბორჩხალას საცეცებს. ავადმყოფების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცრულ კელოიდი ვითარდება კანის ზედაპირზე ნებისმიერ ადგილას ტრავმის შედეგად (ჭრილობა, დამწვრობა, გახეხვა და სხვ.). ის შესაძლოა იყოს დანაწიბურებად ადგილზე ან ადრე არსებული ტროფიკული წყლულის ან ჩირქოვანი კერის მიდამოში. ნაწიბურიდან ცრუ კელოიდი წარმოიქმნება მისის თანდათანობითი ჰიპერპლაზიით. ნაწიბური მსხვილდება, ხდება მკვრივი და კანის ზედაპირიდან წამოიწევა 0.5-1.0 სმ-ით, თანდათანობით იძენს მკვეთრ წითელ ან მოლურჯო ფერს, რომელიც შემდგომში ფერმკრთალდება და მოგვიანებით აღარ განირჩევა ნორმალური კანის შეფერილობისგან. ცრუ კელოიდის განსაკუთრებული ფორმაა კელიოდური აკნე, რომელიც წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის წერტილოვან გამონაზარდებს ვულგარული ფერისმჭამელების ადგილზე, უვითარდებათ ძირითადად ახალგაზრდა პაციენტებს ზურგზე, გულმკერდზე, და ზოგჯერ სახეზე.

დიაგნოზი დგინდება კლინიკური სურათის საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ჰიპერტროფიულ ნაწიბურთან, გაჯირჯვებად დერმატოფიბროსარკომასთან.

მკურნალობას ატარებს დერმატოლოგი ან კოსმეტოლოგი ამბულატორულად.

პროგნოზი სასიცოცხლოდ კეთილსაიმედოა. არ არის შემუშავებული ჭეშმარიტი კელოიდის პროფილაქტიკა. ცრუ კელოიდის პროფილაქტიკა მდგომარეობს კანსი ჩირქოვანი დაავადებისა და ტროფიკული წყლულების დროულ მკურნალობაში.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კელოიდი – (ბერძნ. კელე – სიმსივნე და eidos – სახე) კანის ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის სიმსივნისებრი წარმონაქმნი. მისი გაჩენის მიზეზი დადგენილი არ არის. განარჩევენ ნამდვილ (სპონტანურ) კელოიდს, რომელიც ჩნდება შეუცვლელ კანზე და ცრუ კელოიდს, რომელიც ვითარდება ტრავმით (მექანიკური, თერმული, ქიმიური) ან ჩირქოვანი პროცესით (მაგ., ფურუნკული) გამოწვეულ ნაწიბურზე. ნამდვილი კელოიდი კანზე ოდნავ ამობურცული, მოთეთრო – მოვარდისფრო გლუვი და პრიალაზედაპირიანი მკვრივი წარმონაქმნია, უჩნდებათ უმეტესად ახალგაზრდებს. იზრდება რამდენიმე კვირის, ზოგჯერ თვეების მანძილზე. მკურნალობა: ჰიალურონიდაზის და მინისებრი სხეულის ინიექციები, PP, B2, C ვიტამინები; კალიუმიოდიდის ელექტროფორეზი; პარაფინო და რენტგენოთერაპია. [“1”] (კანისა და ვენ. დაავ.) კეთილთვისებიანი, შემაერთებელქსოვილოვანი ახალწარმონაქმნი, რომელიც უვითარდებათ იმ პირებს, რომელთაც გააჩნიათ დაავადების მიმართ წინასწარგანწყობა (ე.წ. კელოიდური დიათეზი) კანის ჭრილობების, დამწვრობების, ტრამვების, აკნეს და სხ. ადგილას, იშვიათად დაავადება ვითარდება სპონტანურად. სიმპტომები. კანის ზედაპირიდან ამოწეული თავდაპირველად მოვარდისფრო, მოგვიანებით მოთეთრო, შეხებით მკვრივი წანაზარდები, რომლებიც ფორმით და სიდიდით შეესაბამებიან პირველადი ტრამვის ზომებს. სუბიექტურად ჩივილები არ აღინიშნება, მხოლოდ იშვიათად, ავადმყოფები უჩივიან ქავილს; ხშირად, ჩვეულებრივ სახეზე ლოკალიზაციის შემთხვევაში, ხდება სახის კოსმეტიკური დამახინჯება. (2)