დიაბეტური ნეფროპათია
დიაბეტური ანგიონეფროპათია (ნეფროპათია) დიაბეტური ანგიოპათიის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა შაქრიანი დიაბეტის პროგნოზულად შედარებით მძიმე გამოვლინებას მიეკუთვნება, ვიდრე დიაბეტური ანგიორეტინოპათია. ეს უკანასკნელი შემთხვევათა დაახლოებით 5%-ში იძენს პროლიფერაციული ანგიორეტინოპათიის ხასიათს, მაშინ როდესაც ტერმინალური დიაბეტური ანგიონეფროპათია, რაც ავადმყოფის დაღუპვას იწვევს ურემიის გამო (თირკმლის უკმარისობა), ვითარდება 30-40%-ში შაქრიანი დიაბეტის I ტიპის დროს და 10%-ში შაქრიანი დიაბეტის II ტიპის დროს. დიაბეტური ანგიონეფროპათიის განვითარებაზე გავლენას ახდენს არტერიული წნევის მატება, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარისა და სისხლძარღვთა განვლადობის მატება და ა.შ.
დიაბეტური ანგიონეფროპათიის დროს საწყის ეტაპზე აღინიშნება თირკმლების ჰიპერფუნქცია და ჰიპერტროფია, შარდში მცირე რაოდენობით იმატებს ალბუმინი, რაც იოლად კორეგირდება დიეტითა და არტერიული წნევის კონტროლით, თუმცა თანდათანობით ვითარდება სტრუქტურული ცვლილებები, მატულობს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, შარდში ალბუმინის ექსკრეცია, აღნიშნული ცვლილებები ჩვეულებრივ შაქრიანი დიაბეტის დაწყებიდან 15 წლის შემდეგ აღინიშნება. დაავადების მომდევნო სტადია ხასიათდება თირკმლის გორგლებში წნევის კიდევ უფრო მატებით, სისხლძარღვის ენდოთელიუმის ფუნქციის დარღვევით, ინტრაკაპილარული გლომერულოსკლეროზის განვითარებით.
დიაბეტური ანგიონეფროპათიის ბოლო სტადიაზე აღინიშნება თირკმლის ყველა ფუნქციის (ფილტრაციული, კონცენტრაციული, ექსკრეტორული, ენდოკრინული) დაქვეითება, თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების მზარდი დიფუზური ფიბროზი, გამოხატული პროტეინურია, ალბუმინის ექსკრეცია აღემატება 200 მკგ/მლ, თუმცა ტერმინალურ ეტაპზე დიფუზური ნეფროსკლეროზის ჩამოყალიბების შემდეგ ალბუმინის ექსკრეცია კლებულობს, ვითარდება ურემია.
დიაბეტური ანგიონეფროპათიის დიაგნოსტირება
დიაბეტური ანგიონეფროპათიის საწყის სტადიაზე დიაგნოსტირება ხდება გორგლოვანი ილტრაციის სიჩქარისა და შარდში ალბუმინის ან ექსკრეციის მონაცემებზე დაყრდნობით. გვიან სტადიებზე ანგიონეფროპათიის დიაბეტური გენეზის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ თირკმლის პუნქციური ბიოფსიით.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
(2) ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
დიაბეტური ნეფროპათია – თირკმლების დიაბეტური დაზიანების კლინიკური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტის გვიანი გართულება. სინდრომს საფუძვლად უდევს ჰიდროსტატიკური წნევის მომატება გორგლების კაპილარებში, მათი მემბრანების განვლადობის გაზრდით, ცილებისა და ლიპიდების ჩანართები კაპილართაშორის სივრცეში, თირკმლის ქსოვილის სკლეროზი, გორგლების ოკლუზია შარდის ფილტრაციის დარღვევით.